ფეხბურთი

4:10 | 1.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

დამჭკნარი "იები"

იტალიის სერია A-ს მე-14 ტური ლომბარდული დერბით დაიწყო, რომელშიც „ბრეშამ“ ბერგამოს „ატალანტას“ უმასპინძლა. გუნდებს რადიკალურად განსხვავებული პერიოდი აქვთ და განსხვავებული ამოცანებიც ამოძრავებთ, მაგრამ ჯამპიერო გასპერინის გუნდის ასეთ ადვილ გასეირნებას მაინც ბევრი არ ელოდა, გუნდების მტრობიდან გამომდინარე.

საერთოდ, „ატალანტა“ ძალიან კარგი, ლარი გუნდია, „ბრეშა“ კი პირიქით, მძიმე და გაჭირვებაში მყოფი. უკვე რა ხანია, ფაბიო გროსოს გუნდი ბოლო ადგილზეა დალექილი და ასე თუ გაგრძელდა 2006 წელს იტალიელთა გმირს, „ბრეშას“ ანტიგმირის სტატუსის მორგება მოუწევს. ბერგამოელებმა კი იქამდე მარიო პაშალიჩის დუბლითა და იოსიპ ილიჩიჩის გოლით მოიგეს და ოთხეულს მიუახლოვდნენ.

„ბრეშას“ არ იყოს, შავ დღეშია „ჯენოა“, რომელსაც სადებიუტო მატჩი ტიაგო მოტამ კი მოაგებინა, მაგრამ მას შემდეგ ზღვისპირელები ვერაფერს ახერხებენ და გასავარდნი ზონაც მათი განუყოფელი ნავსაყუდელი გახდა. „ჯენოამ“ ამჯერად შინ „ტორინოსთან“ წააგო, რომელსაც ასევე ჰაერივით სჭირდებოდა ქულები.

ფლორენციის „ფიორენტინაც“ ბილიკს მიუყვება და ვინჩენცო მონტელაც ბეწვის ხიდზეა. „იებმა“ სეზონი დიდი ამბიციებით დაიწყეს და თავიდან თითქოს არაუშავდათ, მაგრამ ბოლო ხანს თავდაყირა ეშვება. „ფიორენტინა“ „არტემიო ფრანკიზე“ აუტსაიდერთა ბინადარ „ლეჩეს“ დაუხვდა და ქულას ვინ ჩივის, მარცხი განიცადა. ეს კი, ფლორენციელთა ამბიციურ პრეზიდენტ როკო კომისოს ალბათ ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

სერია A-ს მე-14 ტურის მთავარი ამბები კი დღეს უნდა იყოს, რადგან საქმეში ლიდერები, „იუვენტუსი“ და „ინტერი“ ჩაებმებიან.

„ბრეშა“ – „ატალანტა“ 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 პაშალიჩი (26), 0:2 პაშალიჩი (61), 0:3 ილიჩიჩი (90)

„ჯენოა“ – „ტორინო“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ბრემერი (77)

„ფიორენტინა“ – „ლეჩე“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ლა მანტია (49)

თეგებისერია A
0.123557