ფეხბურთი

16:10 | 30.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რუსთავმა" და "სიონმა" ადგილები და პლეი-აუტის მეტოქეები გაცვალეს

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონის ბოლო ტურმა სტარტი დღეს ორი მატჩით აიღო.

თბილისში, გასული სეზონის ტრიუმფატორმა „საბურთალომ“ ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლა და ადვილად, 5:1 დაამარცხა. „მიხეილ მესხზე“ ბრძოლა მხოლოდ პირველ ტაიმში იყო, როდესაც გუნდებმა გოლები გაცვალეს. შესვენების შემდეგ კი გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის უპირატესობა თვალსაჩინო გახდა. „საბურთალომ“ 11-წუთიან ინტერვალში სამი გოლი გაიტანა, ბოლოსკენ კი, სანდრო ალთუნაშვილმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 5:1.

„საბურთალომ“ 70 ქულა დააგროვა და სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა, შესაბამისად, ზაფხულში ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. „სიონი“ კი 38 ქულით მეცხრე ადგილზე გავიდა.

აღსანიშნავია, რომ სეზონი ჯერ არცერთისთვის დასრულებულა. „საბურთალოს“ წინ საქართველოს თასის ფინალი ელოდება, სადაც თბილისის „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდება, ხოლო „სიონს“ გადარჩენისთვის მოუწევს ბრძოლა, რადგან პლეი-აუტში „სამტრედიას“ დაუპირისპირდება.

დღესვე, „რუსთავმა“ „დილას“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაინაწილეს. გორელები მეცხრე წუთითვისთვის ორბურთანი სხვაობით იგებდნენ, მაგრამ ვარლამ კილასონიას გუნდმა მეორე ტაიმში ჩამორჩენა აღმოფხვრა და ქულა მოიპოვა, რისი წყალობითაც სეზონი მერვე ადგილზე დაასრულა. თუმცა, რუსთავალებს მთავარი ბრძოლა წინ აქვთ, რადგან ეროვნულ ლიგაში დარჩენისთვის პლეი-აუტში „თელავის“ წინააღმდეგ თამაში მოუწევთ.

მანამდე კი, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბოლო ტური ხვალ დასრულდება და ჩემპიონის ვინაობაც გაირკვევა. „დინამო თბილისი“ „ვიტ ჯორჯიას“, „ლოკომოტივი“ „დინამო ბათუმს“, „ტორპედო“ კი „ჩიხურას“ შეხვდება.

„საბურთალო“ – „სიონი“ 5:1 (1:1)

გოლები: 1:0 ლ. კოხრეიძე (2), 1:1 ტატანაშვილი (20), 2:1 ლ. კოხრეიძე (49), 3:1 გაბედავა (57), 4:1 მალი (60), 5:1 ალთუნაშვილი (86)

„რუსთავი“ – „დილა“ 2:2 (0:2)

გოლები: 0:1 სპანდერაშვილი (1), 0:2 წიქარიძე (9), 1:2 ბაირამოვი (61), 2:2 სიჭინავა (76)

0.115058