კალათბურთი

1:30 | 29.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას და "ბასკონიას" წარუმატებელი დღე ევროლიგაში

ევროლიგაში ორმატჩიანი გამარჯვებების სერია ათენში მარცხით დაასრულა თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“. ესპანური გუნდი „პანათინაიკოსთან“ ვერაფერს გახდა და 32-ქულიანი სხვაობით, 68:100 განადგურდა.

ბერძნები მეტოქეს მთელი თამაშის განმავლობაში ერთი თავით აღემატებოდნენ, ოთხივე პერიოდი მოუგეს და ბუნებრივია, დაფიქსირებული სხვაობაც გასაკვირი სავსებით არ ყოფილა.

ამჯერად თამაში არ წაუვიდა ვიტორიელთა ქართველ კაპიტანს, რომელიც ამ მატჩამდე შეუდარებლად ირჯებოდა, მაგრამ ათენში ვერაფერი გააწყო. თორნიკემ 28:35 წუთში 11 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი ჩაიწერა აქტივში. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 7-დან 2 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა მხოლოდ 11 შეადგინა.

სხვათა შორის, „ბასკონიას“ რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი ქულების მხრივ ოდენ 12 იყო და ამის ფონზე „პანათინაიკოსთან“ წაგება ლოგიკურიცაა. რაც შეეხება მეტ ჯენინგს, მან 30:02 წუთში 8 ქულა, 3 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა.

„ბასკონიას“ 11 ტურის თავზე 5 გამარჯვებით და 6 წაგებით მეცხრე ადგილი უკავია, ხოლო მომდევნო მატჩს 7 დეკემბერს, შინ თურქულ „ანადოლუ ეფესთან“ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122927