ფეხბურთი

4:27 | 28.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

მესის 34-ე მსხვერპლი

კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელ ლიონელ მესის დორტმუნდის „ბორუსიასთან“ დიდებული საღამო დაუდგა, ბრწყინვალედ ითამაშა და ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი რეკორდიც დაამყარა.

მესის აქამდე „დორტმუნდის“ კარში გოლი არ ჰქონდა გატანილი და ამიერიდან მის მიერ დამწუხრებულ გუნდთა სიას „ყვითლებიც“ შეუერთდნენ. შედეგად, „დორტმუნდი“ 34-ე გუნდი გახდა, რომელსაც მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე გაუტანა და მსგავსი მრავალფეროვნებით ვერავინ დაიკვეხნის.

ლეო ამ რეკორდს კრიშტიანუ რონალდუსთან და რაულთან ერთად ინაწილებდა, რომლებსაც 33 სხვადასხვა მეტოქე ჰყავთ დამწუხრებული. სხვათა შორის, პორტუგალიელი და ესპანელი ცოტა ხნის წინ ლიდერობდნენ, მაგრამ მესიმ ჯერ „სლავიას“ გაუტანა, ახლა „დორტმუნდს“ და „მსხვერპლთა“ სიაში ორი ახალი ნამატია. ამჯერად არგენტინელს შეუძლია უპირატესობა განიმტკიცოს კიდეც, რადგან „ბარსა“ ბოლო ტურში „ინტერს“ ხვდება და „ნერაძურისთვის“ აქამდე არასდროს გაუტანია.

ბოლოსკენ ვთქვათ, რომ მესიმ „ბარსელონას“ რიგებში მე-700 თამაში ჩაატარა და საიუბილეო თარიღი გოლითა და ორი საგოლე პასით აღნიშნა.

0.150305