ფეხბურთი

4:05 | 24.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" და "ინტერი" სხვაგან

იტალიის სერია A-ში 13 ტური მიილია და უკვე გადაჭრით შეიძლება იმის თქმა, რომ სკუდეტოსთვის ორი გუნდი იბრძოლებს - „იუვენტუსი“ და „ინტერი“. ტურინულ-მილანურ ჭიდილში სხვა გუნდები აშკარად ვერ ჩაერევიან, რადგან ისინი ცალსახად ერთი თავით მაღლა დგანან დანარჩენებზე.

ტური ტურს მისდევს, „იუვენტუსი“ და „ინტერი“ კი ქულებს არ კარგავენ. მე-13 ტური ბერგამოში, „ატალანტა“ – „იუვეს“ მეტად საინტერესო მატჩით დაიწყო. ახალი არაფერი მომხდარა, „იუვენტუსმა“ იწვალა, იჯახირა და მოიგო. „ატალანტა“ დაახლოებით 70 წუთის განმავლობაში ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდა და სტუმართა მეკარესა და დაცვის ხაზს ძალიან დიდი ჯაფა ადგათ. დასაწყისში მუსა ბაროუმ პენალტი ხარიხას გაარტყა, თორემ ანგარიშის გახსნა წინ ვერაფერი დაუდგებოდა. იყო სხვა მომენტებიც, მაგრამ მაურიციო სარის გუნდი გადარჩა. სამაგიეროდ, ვერ გადარჩა 56-ე წუთზე, როდესაც ბაროუს კარგი პასით რობინ გოსენსს გატანის გარდა არაფერი დარჩენოდა. საპასუხოდ, არაფერი, „იუვე“ არათუ აწუხებდა მეტოქეს, არამედ საჯარიმოსაც ვერ უახლოვდებოდა. მიუხედავად ამისა, მაინც მოიგო და პირველი გოლის დროს ძალიან გაუმართლდა. გონსალო იგუაინის არცთუ სახიფათო დარტყმა ხოსე პალომინოს მოხვდა და კარში აღმოჩნდა - 1:1. აი, აქედან მოყოლებული კი, „ბებერი ქალბატონი“ ფერზე მოვიდა და კიდევ ორჯერ იხეირა. დიდებული იყო იგუაინი, „პიპიტამ“ დუბლი შეასრულა და ბოლოსკენ პაულო დიბალას გოლშიც დიდი წვლილი შეიტანა. სარის შეგირდები უფერულ ფეხბურთს კი თამაშობენ, მაგრამ შედეგი არის - „იუვე“ 35 ქულით ლიდერია და ყველა ტურნირის ჩათვლით მიმდინარე სეზონში ჯერ კიდევ ერთადერთი დაუმარცხებელია გუნდია.

„იუვენტუსი“ მიუხედავად იმისა, რომ ქულებს პრაქტიკულად არ კარგავს, „ინტერთან“ კომფორტულ უპირატესობას ვერ იქმნის. მარტივი მიზეზით, ანტონიო კონტეს გუნდიც დიდებულად ირჯება. მეტიც, „ნერაძური“ „იუვენტუსივით“ დაუმარცხებელი არაა, მაგრამ წმინდა სათამაშო ხარისხის თვალსაზრისით, ბევრად უკეთ გამოიყურება. „ტორინოსთან“ ანტონიო კონტეს გუნდს მორიგი გასეირნება ჰქონდა და ძალიან ადვილად 3:0 მოიგო. სხვათა შორის, 1951 წლიდან 13 ტურის შემდეგ „ინტერს“ მსგავსი კარგი შედეგი არ ჰქონია (34). მოკლედ, მართლაც საინტერესო სეზონი გველოდება და ფაქტია, არცერთი დანებებას არ აპირებს.

სამაგიეროდ, უფერულად ირჯებიან „მილანი“ და „ნაპოლი“. ისინი ერთმანეთს „სან სიროზე“ შეერკინენ და ქულებიც გაინაწილეს. ირვინგ ლოზანოს პირველ ტაიმში გატანილ გოლს მალევე ჯაკომო ბონავენტურამ უპასუხა და მერე არაფერი შეცვლილა. „მილანს“ მხოლოდ 14 ქულა აქვს 13 ტურის თავზე და ამ პერიოდისთვის ამაზე ცუდი შედეგი არასდროს ჰქონია... „ნაპოლი“ კი უკვე მატჩია ვერ იგებს და რა გასაკვირია, რომ ლიდერთა დუეტს, ძალიან ჩამორჩა.

„ატალანტა“ – „იუვენტუსი“ 1:3 (0:0)

გოლები: 1:0 გოსენსი (56), 1:1 იგუაინი (74), 1:2 იგუაინი (82), 1:3 დიბალა (90)

„მილანი“ – „ნაპოლი“ 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 ლოზანო (24), 1:1 ბონავენტურა (29)

„ტორინო“ – „ინტერი“ 0:3 (0:2)

გოლები: 0:1 ლაუტარო მარტინესი (12), 0:2 დე ვრეი (32), 0:3 ლუკაკუ (55)

თეგებისერია A
0.524809