კალათბურთი

17:25 | 19.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

მწვრთნელთა ლიცენზირების პირველი ეტაპის სემინარები ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდა

საქართველოს მწვრთნელთა კავშირის ორგანიზებით აქტიურად მიმდინარეობს გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამა, რომელიც 2015 წელს დაიწყო და მის ფარგლებში დღემდე 300-ამდე მწვრთნელს მიენიჭა C და B კატეგორიის ლიცენზიები. შეგახსენებთ, რომ პროგრამა 3 ეტაპისგან შედგება და პირველის ფარგლებში გაიცემა 14-წლამდე კალათბურთელებთან მწვრთნელად მუშაობის C კატეგორიის ლიცენზია. მეორე ეტაპის შედეგად გაიცა B კატეგორიის ლიცენზიები, რომელიც 14-18 წლის მოზარდებში მუშაობისთვისაა საჭირო, ხოლო უმაღლესი დონის, A კატეგორიის ლიცენზირება ჯერ არ დაწყებულა.

პროგრამა მე-4 წელია, მიმდინარეობს და მის ფარგლებში პერიოდულად იმართება პირველი და მეორე ეტაპის სალიცენზიო სემინარ-გამოცდები. ამჯერად, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში პირველი ეტაპის სემინარები გაიმართა, რომელსაც ძირითადად დამწყები მწვრთნელები დაესწრნენ. მათ შორის იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების ცნობილი წევრი მანუჩარ მარკოიშვილიც, რომელმაც სათამაშო კარიერა წელს დაასრულა და მწვრთნელობას აპირებს.

პროგრამის დაახლოებით 40 მონაწილესთვის საჩვენებელი ვარჯიშები ჩაატარეს საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა დავით უსტიაშვილმა, დიდებთან ერთად ბავშვთა კალათბურთში გამოცდილმა სპეციალისტმა გელა წულაძემ, საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებისა და კლუბ “ოლიმპის” მწვრთნელებმა – დიმიტრი ჯაკობოვმა და დავით როგავამ, ასევე ახალგაზრდა, თუმცა მცოდნე სპეციალისტებმა – “რუსთავის” სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენელმა, ანატოლი ბოისამ და თსუ-ს მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ირაკლი ძიძიგურმა. დამწყებ მწვრთნელებს სამწვრთნელო ფსიქოლოგიის შესახებ ლექცია წაუკითხა ვეტერანმა კალათბურთელმა, სპორტული განხრით ცნობილმა პედაგოგმა, ანტონ კაზანჯიანმა.

პირველი ეტაპის გამოცდები, რომელთა ჩაბარებით მწვრთნელები C კატეგორიის ლიცენზიას მიიღებენ, დეკემბრის პირველ ნახევარში გაიმართება. ზუსტი თარიღი მოგვიანებით დადგინდება და გამოქვეყნდება.

gbf.ge

0.126325