ფეხბურთი

3:10 | 19.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

შვეიცარია და დანია ევროპის ჩემპიონატზე, იტალიაში სომხეთი არ დაინდეს

ევროპის ჩემპიონატს უკვე 19 მონაწილე ჰყავს. 19 ნოემბერს კიდევ ერთი გაირკვევა, ხოლო დანარჩენი ოთხი ერთა ლიგის პლეი-ოფის მეშვეობით დამდეგი წლის მარტში გამოვლინდება.

იქამდე კი, შვეიცარიისა და დანიის ნაკრებებმა გაიხარეს, რომლებმაც ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვეს. აუცილებლად უნდა ვახსენოთ იტალიის ნაკრები, რომელმაც სომხეთს 9:1 მოუგო...

D ჯგუფი

D ჯგუფიდან, სადაც საქართველოს ნაკრებმა მეოთხე ადგილი დაიკავა, დანია და შვეიცარია გავიდნენ. ბოლო ტურში გარკვეული არაფერი იყო, თუმცა, უპირატეს ვითარებაში ორივე იმყოფებოდა და შანსი არ გაუნიავებიათ.

შვეიცარიამ გიბრალტარი 6:1 გაანადგურა, ხოლო სედრიკ იტენი, რომელმაც საქართველოს სადებიუტო მატჩი გოლით აღნიშნა, ახლაც ჩინებულად ირჯებოდა და დუბლი გაიფორმა. ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდმა საბოლოოდ ქვეჯგუფი ლიდერის პოზიციაზე დაასრულა.

შვეიცარიას ევროპის ჩემპიონატზე დანიაც გაჰყვა, რომელსაც ამისთვის დუბლინში, ირლანდიასთან არ უნდა წაეგო და არც წააგო. ოგე ჰარეიდეს გუნდი ბრაითვაითის გოლით მატჩის მიწურულს დაწინაურდა და ბოლოსკენ ირლანდიამ მხოლოდ გათანაბრება მოასწრო. დანია 16 ქულით მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო ირლანდია ფინალურ ეტაპს მიღმა დარჩა 13 ქულით და მესამე ადგილით.

გიბრალტარი - შვეიცარია 1:6 (0:1)

გოლები: 0:1 იტენი (10), 0:2 ვარგასი (50), 0:3 ფასნახტი (57), 1:3 სტიხი (74), 1:4 ბენიტო (75), 1:5 იტენი (84), 1:6 ჯაკა (86)

ირლანდია - დანია 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 ბრაითვაითი (73), 1:1 დოჰერტი (85)

F ჯგუფი

ესპანეთის ნაკრებმა წლის ბოლო მატჩში რუმინეთი მიიღო და 5:0 გაანადგურა. „ფურია როხამ“ შესარჩევი ეტაპი ჩინებულ განწყობაზე დაასრულა და ახლა შეუძლა ფინალური ეტაპისთვის მოემზადოს.

შვედეთმა კი, ბოლო მატჩში ფარერებს სძლია და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. სკანდინავიელებიც ბუნებრივია, ფინალურ ეტაპზე იასპარეზებენ.

მალტა - ნორვეგია 1:2 (1:1)

გოლები: 0:1 კინგი (7), 1:1 ფენეჩი (40), 1:2 სორლოთი (62)

ესპანეთი - რუმინეთი 5:0 (4:0)

გოლები: 1:0 ფაბიან რუისი (8), 2:0 მორენო (33), 3:0 მორენო (43), 4:0 ადრიან რუსი (45, ა.გ), 5:0 ოიარზაბალი (90)

შვედეთი - ფარერები 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 ანდერსონი (29), 2:0 სვანბერგი (72), 3:0 გუიდეტი (80)

J ჯგუფი

იტალიის ნაკრებმა შესარჩევი ეტაპი ისევე დაასრულა, როგორც ჩაატარა. რობერტო მანჩინის გუნდმა პალერმოში სომხეთის ნაკრებს თავ-ბედი აწყევლინა და 9:1(!) გაანადგურა. „სკუადრა აძურამ“ ათივე თამაში მოიგო და 37 გოლი გაიტანა. ასეთი წარმატებული შესარჩევი ციკლი კი, იტალიას ისტორიაში არ ჰქონია. ისიც ვთქვათ, რომ ერთ მატჩში 9 გოლი ისტორიაში მესამედ გაიტანა. საინტერესო გუნდად ყალიბდება ახალი და ახალგაზრდა „აძურა“ და ვნახოთ, რას მიაღწევს ფინალურ ეტაპზე. ახლა მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ A ჯგუფში ითამაშებს და სამივე მატჩს ჯგუფურ ეტაპზე სახლში, რომის „ოლიმპიურ სტადიონზე“ გამართავს.

ამავე ჯგუფიდან ფინეთი გავიდა, რომელმაც უდიდეს წარმატებას სამი დღის წინ მიაღწია. ბოლო მატჩი კი, ათენში, საბერძნეთთან წააგო, მაგრამ ამას ხასიათი არ გაუფუჭებია.

საბერძნეთი - ფინეთი 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 პუკი (27), 1:1 მანტალოსი (47), 2:1 იალანოპულოსი (70)

იტალია - სომხეთი 9:1 (4:0)

გოლები: 1:0 იმმობილე (8), 2:0 ძანიოლო (9), 3:0 ბარელა (29), 4:0 იმმობილე (33), 5:0 ძანიოლო (64), 6:0 რომანიოლი (72), 7:0 ჟორჟინიო (75, პენ), 8:0 ორსონილი (78), 8:1 ბაბაიანი (79), 9:1 კიეზა (81)

ლიხტანშტაინი - ბოსნია 0:3 (0:0)

გოლები: 0:1 ცივიჩი (57), 0:2 ჰოჯიჩი (64), 0:3 ჰოჯიჩი (72)

თეგებიევრო 2020
0.283302