ავტოსპორტი

4:45 | 17.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფერსტაპენმა ჩემპიონს ბრაზილიაში კვალიფიკაცია მოუგო

მაქს ფერსტაპენმა ბრაზილიის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა მოიგო და გამარჯვება „რედ ბულ რეისინგის“ შეფ კრისტიან ჰორნერს, 46 წლის იუბილეზე საჩუქრად მიუძღვნა. ეს სულ მეორე პოულია 22 წლის ჰოლანდიელის ფ1-ის კარიერაში.

საინტერესოა, რომ „ჰონდას“ ძრავით ბრაზილიაში ბოლო კვალიფიკაცია შორეულ 1991 წელს, „მაკლარენთან“ და აირტონ სენასთან ერთად ჰქონდა მოგებული.

„მანქანა დაფრინავდა და იმედი მაქვს, ეს სასიამოვნო საიუბილეო საჩუქარია, კრისტიან“ - რადიოთი მიმართა შეფს ფერსტაპენმა, რაზეც მადლიერების პასუხიც მაშინვე მიიღო: „ეს საუკეთესო საიუბილეო საჩუქარია, რომელიც შენ მოგიძღვნია. შესანიშნავი იყავი სამივე სესიაზე. ძალიან მადლობელი ვარ ამისთვის“.

სტარტზე პირველ რიგში, ფერსტაპენს სებასტიან ფეტელი დაუდგება, ვისაც პოულამდე 0.123 წამი დააკლდა. მისთვის ეს „ფერარის“ მანქანით მე-100 რბოლა იქნება. მესამე დრო, მსოფლიოს უკვე ექვსგზის ჩემპიონ ლუის ჰამილტონის ანგარიშზეა. სტარტზე მას გვერდით თანაგუნდელი ვალტერი ბოტასი დაუდგება. მეოთხე დრო შარლ ლეკლერს ჰქონდა, მაგრამ ძრავის ლიმიტის ამოწურვის გამო, 10 ადგილით უკან დადგება.

საინტერესოა, რომ ბოლო ექვს სეზონში, ბრაზილიაში ხუთჯერ გამრჯვება პოულიდან არის მოპოვებული. მაგრამ ფერსტაპენმა თავის კარიერაში პირველი საკვალიფიკაციო გამარჯვება, რომელიც უნგრეთში მოიპოვა, რბოლის მოგებითვე ვერ დააგვირგვინა.

ბრაზილიის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:07.508
  2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:07.631
  3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:07.699
  4. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:07.874
  5. ალექს ალბონი (ტაილანდი, ტორო როსო) 1:07.935
  6. პიერ გასლი (საფრანგეთი, რედ ბული) 1:08.837
  7. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:08.854
  8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1:08.984
  9. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:09.037
  10. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:08.868
  11. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 1:08.903
  12. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1:08.919
  13. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1:08.921
  14. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1:07.728
  15. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 1:09.035
  16. დანიილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1:09.320
  17. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 1:09.536
  18. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1:10.126
  19. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, უილიამსი) 1:10.614
  20. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) დროის გარეშე
0.150984