კალათბურთი

10:51 | 13.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქუთაისის 15-წლამდელთა გუნდმა ლატვიაში ევროპის ლიგის 4 მატჩი მოიგო

კალათბურთში არსებული მართებული პრაქტიკა, რომ კლუბებმა საკუთარი მენეჯმენტი უნდა გააძლიერონ და საერთაშორისო ტურნირებში დამოუკიდებლად მიიღონ მონაწილეობა, წარმატებით გრძელდება. ბალტიისა და ევროპის ახალგაზრდულ ლიგებში საკუთარი სახსრებით მონაწილეობა წლების წინ “ჰიუნდაისა” და “აკადემიის” საკალათბურთო სკოლებმა დაიწყეს, რომლებსაც წლეულს კიდევ 2 გუნდი შეემატა. “ვინგსის” შესახებ, რომელმაც ბალტიის ლიგის პირველ წრეში იასპარეზა, ცოტა ხნის წინ გიამბეთ, ახლა კი “ქუთაისზე”, რომელიც 2005 წელს დაბადებულთა გუნდით, სპონსორების დახმარებით, ევროპის 15-წლამდელთა ლიგაში მონაწილეობს.

აღნიშნული ლიგის პირველი წრე ლატვიის ქალაქ კანდავაში 7-დან 10 ნოემბრის ჩათვლით გაიმართა. ქუთაისელებმა, რომლებსაც გიორგი პირტახია და საბა სვანიძე წვრთნიან, გამართული 5 მატჩიდან 4 მოიგეს. იმერულმა კლუბმა ერთადერთი მატჩი ოდესის გუნდთან წააგო.

ცმოკი-მინსკი (ბელარუსი) – ქუთაისი 41:65
ქუთაისი – იენა (გერმანია) 56:44
სნეიქსი (ჩეხეთი) – ქუთაისი 39:45
ქუთაისი – ოდესა (უკრაინა) 50:56
ტტუ ტალინი (ესტონეთი) – ქუთაისი 49:72

ქუთაისელთა შემადგენლობა ასეთი იყო:
გიორგი ლომინაძე, გიორგი ლამანიძე, ლუკა გორგოძე, თორნიკე ნემსაძე, ლუკა ახვლედიანი, ეგნატე გოგოშიძე, ნიკოლოზ ცირეკიძე, ლუკა ლომთაძე, ბაქარ ბერეკაშვილი, დავით ფესვიანიძე, არჩილ ქობულაძე, გიორგი გიორგაძე
მთავარი მწვრთნელი: გიორგი პირტახია. ასისტენტი: საბა სვანიძე

აღსანიშნავია, რომ ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში გამოდის ქუთაისის 13-წლამდელთა გუნდიც, რომელიც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პროგრამით თანადაფინანსებას იღებს ამ საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მისაღებად. “ქუთაისთან” ერთად ბალტიის ლიგაში სამონაწილეოდ პროგრამული დაფინანსებით სარგებლობენ “იბერის” და “ზაზა ფაჩულიას აკადემიის” 13-წლამდელთა გუნდები. ამათ გარდა, ფედერაცია სრულად აფინანსებს ევროპის 3 ასაკობრივ ლიგაში (U14, U15, U16) ქართული კლუბებისგან დაკომპლექტებულ ნაკრები გუნდების მონაწილეობას.

გიორგი პირტახიასა და საბა სვანიძის გაწვრთნილი ქუთაისის გუნდი ევროპის ლიგაში მეორე წრის მორიგ 5 მატჩს 6-9 თებერვალს, პოლონურ სოპოტში ჩაატარებს.

gbf.ge

0.131382