ფეხბურთი

4:17 | 11.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

მაგიური დიბალა და ანერვიულებული რონალდუ

ტურინის „იუვენტუსი“ სანაკრებო პაუზაზე ლიდერის რანგში გავიდა. „ბებერ ქალბატონს“ „ინტერმა“ პირველი პოზიცია 24 საათით ჩამოართვა, მაგრამ მაურიციო სარის გუნდმა „მილანის“ ძლევის შემდეგ ლიდერის სტატუსი დაიბრუნა.

იტალიის სერია A-ს XII ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „იუვემ“ „მილანთან“ ბევრი ინერვიულა, მაგრამ ეს სიახლე არაა - წელს ტურინული გრანდი ნერვიულობს, მაგრამ გამარჯვებას მაინც ახერხებს. ახლაც ასე იყო, თითქოს „მილანს“ წასაგები თამაში არ ჰქონდა, მაგრამ არ ჰყავს პაულო დიბალა, რომელმაც ერთი შედევრით მატჩის ბედი გადაწყვიტა.

საგოლე მომენტები არც ისე ბევრი შექმნილა, მაგრამ რამდენიმე იყო. ჩინებულად ირჯებოდა ვოიცეხ შჩესნი, რომელმაც 7 სეივით დაასრულა თამაში. საპასუხოდ, ტურინელები ძირითადად კარს ასცდენდნენ. 55-ე წუთზე კი, მაურიციო სარიმ პრაქტიკულად უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, კრიშტიანუ რონალდუ შეცვალა! პორტუგალიელი კი ადგა და, პირდაპირ გასახდელს მიაშურა, შემდეგ თამაში არ იყო დასრულებული, სტადიონი საერთოდ რომ დატოვა. ამას ცხადია, დიდი გამოხმაურება მოჰყვა მედიაში და კიდევ მოჰყვება. ჩვენის მხრივ დავძინოთ, რომ „იუვენტუსში“ ყოფნის პერიოდში კრიშტიანუ ასე ნაადრევად (55-ე წუთზე) და თანაც ზედიზედ მეორე მატჩში პირველად შეცვალეს. მის ნაცვლად თამაშში მატჩის მომავალი გმირი პაულო დიბალა ჩაერთო, რომელიც 77-ე წუთზე ალესიო რომანიოლის ბავშვივით გაუსწორდა და გამარჯვების გოლი გაიტანა. სხვათა შორის, მსაჯის კომპენსირებულ დროში პაულომ დაახლოებით იმავე სტილში რომანიოლი ისევ მოატყუა, მაგრამ დუბლის შესრულებაში ხელი ჯანლუიჯი დონარუმამ შეუშალა. ვთქვათ ისიც, რომ დიბალამ „მილანს“ მეშვიდე გოლი გაუტანა და ამაზე მეტი კარიერაში არავისთვის გაუტანია. საერთოდ, რაც „იუვენტუსში“ თამაშობს, ზედიზედ ხუთი სეზონია „როსონერის“ დამწუხრებას „ალიანც სთედიუმზე“ ახერხებს. თავის მხრივ, მას მერე, რაც „იუვენტუსი“ ახალ სტადიონზე გადავიდა (2011 წლიდან), „მილანმა“ ტურინში ყველა თამაში წააგო - 9. შედეგად პირველი გუნდი გახდა, რომელიც აღნიშნულ არენაზე ცხრაჯერ დამარცხდა. „ბებერმა ქალბატონმა“ 32 ქულა დააგროვა და ისევ სატურნირო ცხრილის სათავეშია. „მილანს“ კი, 12 ტურში 7 წაგება აქვს და მე-14 ადგილზეა, გასავარდნ ზონას მხოლოდ 4 ქულითაა მოშორებული.

თუ ლიდერთა პოზიციები უცვლელი დარჩა, ოთხეულში მოხდა ცვლილებები: „რომამ“ მესამე ადგილი დაკარგა, ახლა მას „ლაციო“ და „კალიარი“ იყოფენ. „ჯალოროსი“ „პარმას“ ესტუმრა და ვერც ვერაფერი გააწყო, ნაანტრაქტევს ორი უპასუხო გოლი გაუშვა, სეზონში მეორედ დამარცხდა და შინ უქულოდ დაბრუნდა.

სამაგიეროდ, „ლაციომ“ იმარჯვა, რომელსაც „ლეჩესთან“ ბრძოლა გადახდა, მაგრამ საბოლოო უხვგოლიან დაპირისპირებაში გამარჯვებული დარჩა.

და, რა თქმა უნდა, „კალიარი“! მოკრძალებული სარდინიული გუნდი 24 ქულით „ლაციოსთან“ ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს და ამას სეზონის სტარტზე ვინ წარმოიდგენდა. მითუმეტეს, ორი ტურის შემდეგ, როდესაც კუნძულელებს კინკილა ქულაც არ ჰქონდათ მოპოვებული. თუმცა, მას მერე 10 ტური მიილია და დაუმარცხებელია (7 მოგება, 3 ფრე)! როლანდო მარანის გუნდმა ამჯერად ფლორენციის „ფიორენტინა“ შეიწირა, რომელაც 5:2 აჯობა და ერთი ხანობა ანგარიში 5:0-იც იყო. დიდებულად გაისარჯა რაჯა ნაინგოლანი, რომელმაც ფანტასტიკური გოლიც გაიტანა და სამი საგოლე პასიც ჩაიწერა აქტივში. არავინ იცის, „კალიარის“ ასეთი გასაოცარი გარჯა როდემდე გაგრძელდება, მაგრამ ფაქტია, გუნდს ბოლოს ასეთი დასაწყისი 1969-1970 წლების სეზონში ჰქონდა, როდესაც სკუდეტო მოიგო.

XII ტურის კიდევ ორი მატჩი კი, უგოლოდ დასრულდა. „უდინეზემ“ და „სპალმა“, „სამპდორიამ“ და „ატალანტამ“ ერთმანეთის კარს გასაღები ვერ მოარგეს.

„იუვენტუსი“ – „მილანი“ 1:0 (0:0)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-3-1-2): შჩესნი; კყადრადო, ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო; ბენტანკური, პიანიჩი, მატუიდი (რაბიო 70); ბერნარდესკი (დუგლას კოშტა 61); იგუაინი, რონალდუ (დიბალა 55)

მწვრთნელი: მაურიციო სარი

„მილანი“ (4-3-3): დონარუმა; კონტი, დუარტე, რომანიოლი, ტეო ერნანდესი; პაკეტა (რებიჩი 85), ბენასერი, კრუნიჩი (ბონავენტურა 61); სუსო, პიონტეკი (ლეაო 66), ჩალჰანოღლუ

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

გოლი: 1:0 დიბალა (77)

გაფრთხილება: კუადრადო (56) - კრუნიჩი (40), ბენასერი (45), ტეო ერნანდესი (89), ჩალჰანოღლუ (90), სუსო (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (5) – 10 (7) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 5:5 თამაშგარე: 4:0

მსაჯი: ფაბიო მარესკა

„კალიარი“ – „ფიორენტინა“ 5:2 (3:0)

გოლები: 1:0 როგი (17), 2:0 პისაჩენე (26), 3:0 სიმეონე (34), 4:0 ჟოაო პედრო (54), 5:0 ნაინგოლანი (65), 5:1 ვლაჰოვიჩი (75), 5:2 ვლაჰოვიჩი (87)

„ლაციო“ – „ლეჩე 4:2 (1:1)

გოლები: 1:0 კორეა (30), 1:1 ლაპადულა (40), 2:1 მილინკოვიჩ-სავიჩი (62), 3:1 იმმობილე (78, პენ), 4:1 კორეა (80), 4:2 ლა მანტია (85)

„სამპდორია“ – „ატალანტა“ 0:0 (0:0)

„უდინეზე“ – „სპალი“ 0:0 (0:0)

„პარმა“ – „რომა“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 სპროკატი (68), 2:0 კორნელიუსი (90)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1127