ავტოსპორტი

3:52 | 6.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფორმულა 1-ის 2021 წლის რეგლამენტის მიზანი გუნდების გათანაბრებაა

2021 წლის სეზონიდან ფორმულა 1 ახალი რეგლამენტით ჩატარდება, რომელიც იმგვარად არის შემუშავებული, რომ გუნდების გათანაბრებას შეუწყოს ხელი. მთავარი სიახლეები, გუნდებისთვის ბიუჯეტის ჭერის დაწესება და ახალი აეროდინამიკური კონცეპციაა.

ახალი აეროდინამიკის მთავარი მიზანი, უკან მომავალი მანქანისთვის ჰაერის უფრო სუფთა ნაკადის დატოვებაა. თუ თანამედროვე მანქანები, წინ მიმავალთან მიახლოებისას, ჩაჭიდების 40-50 პროცენტს კარგავენ, ახალი რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ, ეს დანაკარგი მხოლოდ 5-10 პროცენტი იქნება. ამან ხელი უნდა შეუწყოს ბრძოლის გამძაფრებას და გასწრებების რიცხვის ზრდას.

2021 წლიდან მანქანები 18-დუიმიან ბორბლებზე და დაბალპროფილიან საბურავებზე დადგება. ამას მოჰყვება საკიდარის გეომეტრიის შეცვლა. იგივე დარჩება ძალური დანადგარების კონსტრუქცია.

როგორც ფორმულა 1-ის ოფიციალური პირები ამბობენ, ახალი რეგლამენტის გამო, წრის გავლის საშუალო დრო, 3 წამით გაიზრდება და ეს მაჩვენებლი 2016 წლის დონეზე ჩამოვა. თუმცა ისინი აღიარებენ, რომ მათი მიზანი არა სიჩქარის გაზრდა, არამედ რბოლების სანახაობრივი მხარის გაუმჯობესება იყო.

რაც შეეხება ბიუჯეტის ჭერს, ის სეზონზე 175 მილიონი დოლარის ოდენობით განისაზღვრა. ამჟამად ტოპ გუნდების ბიუჯეტი სეზონზე 300 მილიონ დოლარზე მეტია და 500 მილიონს უახლოვდება. ეს მაშინ, როცა მცირე გუნდები 100 მილიონს სჯერდებიან, რაც მათს კონკურენტუნარიანობაზე უარყოფითად აისახება. ოღონდ, ბიუჯეტის შეზღუდვა არ ეხება მარკეტინგის ხარჯებს, ასევე პილოტების და გუნდის სამი წამყვანი მენეჯერის ხელფასებს

ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობა თვლის, რომ ბიუჯეტის შეზღუდვით, შეძლებული და სუსტი გუნდების შესაძლებლობებიც მეტნაკლებად გათანაბრდება. ასევე შეიზღუდება სეზონზე მანქანის აეროდინამიკის განახლებათა რიცხვი.

გუნდების ხარჯების გაკონტროლებაზე დამოუკიდებელ რეგულატორს მოიწვევენ. დარღვევების შემთხვევაში, გუნდს ფინანსურ და სპორტულ ჯარიმებს გამოუწერენ.

0.149716