ფეხბურთი

3:48 | 31.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

რომაელებმა გაილაღეს, "იუვენტუსმა" - იწვალა

იტალიის სერია A-ში მე-10 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში ვითარება უცვლელი დარჩა. მილანის „ინტერის“ გამარჯვებას გამარჯვებითვე უპასუხა ტურინის „იუვენტუსმა“, მაგრამ ამისთვის დიდი ძალისხმევა და ნერვიულობა კი მოუწია.

ტურინელებმა „ჯენოას“ უმასპინძლეს, რომელიც აუტსაიდერთა შორისაა და ალბათ ადვილი სამი ქულაც დაგეგმეს, მაგრამ... „იუვემ“ კარგად დაიწყო და პაულო დიბალას ორი რეალური მომენტი ჰქონდა, მაგრამ მეკარე რადუ შეუდარებელი იყო. 36-ე წუთზე სარის გუნდი ლეონარდო ბონუჩის გოლით დაწინაურდა. სხვათა შორის, ბონუჩი გახდა სერია A-ში ერთადერთი მცველი, რომელმაც ბოლო 7 სეზონის განმავლობაში მინიმუმ ერთხელ მაინც გაიტანა. თუმცა, ლეოს გოლს სტუმრებმა მალევე უპასუხეს. კუამეს კი უცნაური დარტყმა გამოუვიდა. მარჯვენა ფეხით ურტყამდა, მარცხენა ფეხზე მოირტყა და ბედად კარში აღმოჩნდა.

მეორე ნახევარის სტარტზე „ჯენოა“ კაცნაკლული დარჩა, მაგრამ ამით ტურინელები ვერა და ვერ სარგებლობნენ. ფედერიკო ბერნარდესკის მეკარე სჯაბნიდა, ხოლო კრიშტიანუ რონალდუ კარს აცილებდა. 87-ე წუთზე ადრიენ რაბიომ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. მსაჯმა თამაშს 4 წუთი დაამატა და ბევრი რამ მოხდა ამ კომპენსირებულ დროში. ჯერ იყო და რონალდუმ გაიტანა, მაგრამ თამაშგარის გამო გოლი გაუქმდა, ხოლო შემდეგ პორტუგალიელმა პენალტი გამოიმუშავა, რომელიც გაიტანა და „იუვეს“ მოაგებინა. ეს 95-ე წუთზე... ასე იყო თუ ისე, „იუვენტუსმა“ მძიმე გამარჯვებით, მაგრამ მაინც შეძლო ლიდერობის შენარჩუნება.

„რომამ“ კი უდინეში გაისეირნა, სადაც „უდინეზეს“ შავი დღე აყარა. საერთოდ, ფრიულელები საშინლად გამოიყურებენ, წინა ტურში 1:7 წააგეს, ახლა კი, შინ 0:4, თანაც „ჯალოროსი“ პირველი ტაიმში კაცნაკლული დარჩა, თუმცაღა იმ დროისთვის ნიკოლო ძანიოლოს გოლით იგებდა. პაულო ფონსეკას 10-კაციანმა გუნდმა მეორე ნახევარში მასპინძლებს სამი უპასუხო გოლი გაუტანა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში შევიდა.

4:0 მოიგო მეორე რომაულმა გუნდმა, „ლაციომაც“, ოღონდ შინ - „ტორინოსთან“. ფრანჩესკო აჩერბიმ ფანტასტიკური გოლი გაიტანა, ჩირო იმმობილემ ბომბარდირობა გაიმყარა და დუბლი მიითვალა, ხოლო ანდრეა ბელოტიმ მეტოქის ნაცვლად საკუთარ კარში ჩაჭრა. ამბობენ, რომ ვალტერ მაძარის პოსტს წყალი შეუდგა, არადა წინ ტურინული დერბია „იუვენტუსთან“.

დიდი ამბები იყო ნეაპოლში, სადაც „ნაპოლიმ“ „ატალანტას“ უმასპინძლა. მასპინძლები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ სტუმრებმა ორჯერ გაათანაბრეს და გუნდებმა ქულები გაიყვეს. აქ საყურადღებო ბერგამოელთა მეორე გოლია. გოლამდე „ნაპოლი“ ფერნანდო ლორენტეს წაქცევის გამო პენალტს ითხოვდა, მაგრამ მსაჯის სასტვენი სდუმდა. საპასუხოდ, ჯამპიერო გასპერინის გუნდი შეტევაში გაეშურა და ანგარიშით გაათანაბრა. ამას კი, კარლო ანჩელოტის გაძევებაც დაერთო. საერთოდ, ნეაპოელელებმა სეზონი ვერ დაიწყეს კარგად და უკვე ლიდერს 8 ქულით ჩამორჩნენ.

გენუის „სამპდორიას“ ვეღარს კლაუდიო რანიერი შველის. მისი ხელმძღვანელობით გენუელებმა მესამე თამაში ჩაატარეს და გამარჯვებას ჯერაც დანატრებულნი არიან. ეგ კი არა, ლიგურიელები შინ „ლეჩესთან“ მარცხს ბოლო წუთზე გასტონ რამირესის თავურით გადაურჩნენ.

ბრწყინვალე ფორმაშია „კალიარი“. სარდინიელებმა შინ „ბოლონიასთან“ ტაიმი წააგეს, მაგრამ მეორე ნახევარში თამაში შემოატრიელეს და მეორე გამარჯვება მოიპოვეს. კუნძულელებს 18 ქულა აქვთ და ევროზონაში იმყოფებიან. სეზონის სტარტზე კი, ძნელად ვინმეს „კალიარის“ მსგავსი შედეგი წარმოედგინა.

და ბოლოს, „ფიორენტინა“, რომელმაც რეჯიო ემილიაში „სასუოლოსთან“ ვინჩენცო მონტელას და ფრანკ რიბერის დისკვალიფიკაციების მიუხედავად იმარჯვა. პირველი ტაიმი მასპინძლებმა ბოგას დიდებული გოლით მოიგეს, მაგრამ მეორე ნახევარში კასტროვილიმ ჯერ გაათანაბრა, მერე საგოლე პასი შეასრულა და „იებს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

მე-10 ტური ხუთშაბათს, „მილანისა“ და „სპალის“ შეხვედრით დასრულდება.

„იუვენტუსი“ – „ჯენოა“ 2:1(1:1)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-3-1-2): ბუფონი; კუადრადო; ბონუჩი, რუგანი, ალექს სანდრო; ხედირა (რაბიო 61), ბენტნაკური, მატუიდი (რემზი 61); ბერნარდესკი (დუგლას კოშტა 79); დიბალა, რონალდუ

მწვრთნელი: მაურიციო სარი

„ჯენოა“ (4-3-1-2): რადუ; გილიონე, რომერო, ძაპატა, ანკერსენი; კასატა, შონე, აგუდელო (რადოვანოვიჩი 84); პანდევი (გუმუსი 68); პინამონტი, კუამე (სანაბრია 81)

მწვრთნელი: ტიაგო მოტა

გოლები: 1:0 ბონუჩი (36), 1:1 კუამე (40), 2:1 რონალდუ (90, პენ)

გაფრთხილება: ბენტანკური (28), რუგანი (38), რაბიო (76, 87), ბონუჩი (89) - კასატა (4, 51), პანდევი (56)

გაძევება: რაბიო (87) - კასატა (51)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 18 (11) – 7 (3) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 10:2 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: ანტონიო ჯიუა

„ნაპოლი“ – „ატალანტა“ 2:2 (1:1)

გოლები: 1:0 მაკსიმოვიჩი (16), 1:1 ფროილერი (41), 2:1 მილიკი (71), 2:2 ილიჩიჩი (86)

„კალიარი“ – „ბოლონია“ 3:2 (0:1)

გოლები: 0:1 სანტანდერი (23, პენ), 1:1 ჟოაო პედრო (48), 2:1 სიმეონე (72), 3:1 ჟოაო პედრო (83), 3:2 ოლსენი (90)

„ლაციო“ – „ტორინო“ 4:0

გოლები: 1:0 აჩერბი (25), 2:0 იმმობილე (33), 3:0 იმმობილე (70, პენ), 4:0 ბელოტი (90, ა.გ)

„სამპდორია“ – „ლეჩე“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ლაპადულა (8), 1:1 რამირესი (90)

„სასუოლო“ – „ფიორენტინა“ 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 ბოგა (24), 1:1 კასტროვილი (63), 1:2 მილენკოვიჩი (81)

„უდინეზე“ – „რომა“ 0:4 (0:1)

გოლები: 0:1 ძანიოლო (13), 0:2 სმოლინგი (51), 0:3 კლუივერტი (54), 0:4 კოლაროვი (65, პენ)

თეგებისერია A
სტატისტიკა
0.228998