ფეხბურთი

3:25 | 28.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მილანის" დაუსრულებელი გასაჭირი და არასტაბილური "ნაპოლი"

იტალიის სერია A-ში „მილანის“ ჭირვეული ყოფა გრძელდება. იტალიურ გრანდია წლებია საკუთარ თავს არ ჰგავს, მაგრამ მიმდინარე სეზონი მეტისმეტად წარუმატებლად დაიწყო და ახლა უკვე 9 ტურის თავზე მე-13 ადგილზეა.

„როსონერის“ კრიზისიდან დახსნა მეორე ტურია ვერც სტეფანო პიოლიმ მოახერხა. მეტიც, იტალიელ სპეციალისტს ახალ გუნდში ჯერ არ მოუგია. მილანელები რომში, „რომასთან“ ვერაფერს გახდნენ და რომ არა ჯანლუიჯი დონარუმას ბრწყინვალება, უფრო დიდი სხვაობით წააგებდნენ. დონარუმამ კი, იმდენი ჰქნა, რომ „მილანს“ ბრძოლის შედეგად დააკარგვინა მორიგი ქულები. ედინ ჯეკომ თავური დარტყმით პირველი ტაიმის ბოლოს გახსნა ანგარიში, რასაც ტეო ერნანდესმა უპასუხა. თუმცა, საყაიმო შედეგი მხოლოდ 4 წუთი შენარჩუნდა, რადგან სტუმრებმა საკუთარ საჯარიმოსთან ბურთი დაკარგეს და ნიკოლო ძანიოლოს გამარჯვების გოლის გატანა არ გასჭირვებია. პაულო ფონსეკას გუნდმა 16 ქულა დააგროვა და მეხუთეა. „მილანზე“ უკვე ვთქვით, რომ მეცამეტეა, 9 ტურში 5 წაგება მართლაც ბევრია. ისე, ბოლოს ლომბარდიელებს ანალოგიურად ცუდი შედეგი 9 ტურის შემდეგ 2012-2013 წლების სეზონში ჰქონდათ და მაშინ საბოლოოდ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვეს.

საინტერესო იყო რომის „ლაციოსა“ და ფლორენციის „ფიორენტინას“ მატჩი, რომელსაც „არტემიო ფრანკიმ“ უმასპინძლა. შეხვედრა მოლოდინისამებრ დაძაბული გამოდგა და დედაქალაქელებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმეს. კორეას გოლს ფედერიკო კიეზამ მალევე უპასუხა, თუმცა 89-ე წუთზე ჩირო იმმობილეს თავურმა სიმონე ინძაგის გუნდს 3 ქულა შემატა.

ბერგამოს „ატალანტა“ რამდენადაც კატასტროფულად თამაშობს ჩემპიონთა ლიგაზე, იმდენად ფანტასტიკურია შიდა ჩემპიონატში. ჯამპიერო გასპერინის გუნდმა „უდინეზესგან“ სწრაფად მიიღო გოლი, მაგრამ მერე მეტოქეს თავბედი აწყევლინა - 7:1! „ატალანტამ“ 1952 წლის შემდეგ სერია A-ში ყველაზე დიდი სხვაობით იმარჯვა. ამასობაში, ბერგამოელებმა 20 ქულას მოუყარეს თავი და ლიდერ „იუვენტუსს“ მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩებიან.

ლიდერთა დუეტთან ქულების შემცირების კარგი შანსი ხელიდან გაუშვა „ნაპოლიმ“. კარლო ანჩელოტის გუნდი აუტსაიდერ „სპალს“ ესტუმრა, თავიდანვე არკადიუშ მილიკის გოლით დაწინაურდა კიდეც, მაგრამ უპირატესობა არათუ ვერ გაზარდა, არამედ ვერც შეინარჩუნა და შინ ერთი ქულით დაბრუნდა.

სამაგიეროდ „კალიარი“ ჩინებულ ფორმაშია და ახლოს იყო მორიგი გამარჯვება ტურინში, „ტორინოსთან“ ეზეიმა, მაგრამ სიმონე ძაძამ ვალტერ მაძარის გუნდს ქულა გადაურჩინა. სხვათა შორის, „ტორინოს“ ფანებმა ფეხბურთელებს ობსტრუქცია მოუწყევს და უკმაყოფილება გამოხატეს მათი თამაშით. არადა, ახლა „ხარებს“ ორი რთული მატჩი ელოდებათ, „ლაციოსთან“ და „იუვენტუსთან“.

„ბოლონიამ“ კი, კლაუდიო რანიერის „სამპდორია“ 2:1 დაამარცხა. გამოცდილმა სპეციალისტმა გენუური გუნდი კალაპოტში ვერ ჩააყენა და „სამპა“ ისევ ბოლო ადგილზეა დალექილი (4 ქულით) და დროზე თუ არ გამოასწორებს შედეგებს, სულ მალე შესაძლოა ძალიან გვიანაც აღმოჩნდეს.

სერია A-ში კი სულ მალე მეათე ტურის ჯერი დადგება, რომელიც სტარტს სამშაბათს აიღებს.

„ბოლონია“ – „სამპდორია“ 2:1 (0:0)

გოლები: 1:0 პალასიო (48), 1:1 გაბიადინი (64), 2:1 ბანი (78)

„ატალანტა“ – „უდინეზე“ 7:1 (3:1)

გოლები: 0:1 ოკაკა (11), 1:1 ილიჩიჩი (21), 2:1 მურიელი (35, პენ), 3:1 ილიჩიჩი (43), 4:1 მურიელი (47), 5:1 პაშალიჩი (52), 6:1 მურიელი (75, პენ), 7:1 ტრაორე (83)

„ტორინო“ – „კალიარი“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ნანდესი (40), 1:1 ძაძა (69)

„სპალი“ – „ნაპოლი“ 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 მილიკი (9), 1:1 კურტიჩი (16)

„რომა“ – „მილანი“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ჯეკო (38), 1:1 ერნანდესი (55), 2:1 ძანიოლო (59)

„ფიორენტინა“ – „ლაციო“ 1:2 (1:1)

გოლები: 0:1 კორეა (22), 1:1 კიეზა (27), 1:2 იმმობილე (89)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.259481