რაგბი

17:48 | 25.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

7-ქალა | საერთაშორისო ტურნირი „შევარდენზე“

26 ოქტომბერს, „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე 7-ქალა რაგბში ერთდღიანი საერთაშორისო ტურნირი გაიმართება, რომელშიც სამი ქართული, ორი ისრაელის და ერთიც თურქეთის გუნდი მიიღებს მიიღებს მონაწილეობას.

თამაშები 10 საათზე დაიწყება და 14 საათზე დასრულდება. თითოეულ გუნდს სამ-სამი შეხვედრის ჩატარება მოუწევს. ისრაელის და თურქეთის გუნდები ქვეყნის ნაკრების ბაზაზეა შექმნილი. საქართველოს 7-ქალა ნაკრების ბაზაზე შექმნილი „ქართველი გოგონები“, დასავლეთ და აღმოსავლეთ (თბილისის ‘ლოკომოტივი’) საქართველოს ნაკრებები წარადგენენ.

„ნაკრების შემადგენლობაში მყოფი გოგონებიდან დიდი ბირთვი დაგვაკლდება და მათ ადგილს ის ახალგაზრდები დაიკავებენ, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე და ქვიშის რაგბზე გვყავდნენ შემადგენლობაში. თითოეულ მათგანს უდიდესი პოტენციალი აქვს და შეუძლიათ უკეთეს მოთამაშეებად ჩამოყალიბდნენ. მათ თავის გამოჩენის შესაძლებლობა ეძლევათ და დარწმუნებული ვარ, მას სათანადოდ გამოიყენებენ. გარდა ამისა, დავაკვირდებით ყველა ქართველ გოგონას, რომელიც ამ ტურნირში იღებს მონაწილეობას. ჩვენ გვსურს ნაკრებში კონკურენცია გავზარდოთ, არჩევანი გავამდიდროთ და უკვე შერჩეული გვყავს 4-5 მოთამაშე, რომელიც ნაკრებს დაემატება. ვიმედოვნებ, თავს მეტი გოგონა გამოიჩენს და ეს წრე კიდევ უფრო გაფართოვდება“ - ამბობს 7-ქალა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯაბა მალაღურაძე.

აღსანიშნავია, რომ 7-ქალა რაგბში საერთაშორისო ტურნირი საქართველოში მესამე წელია ტარდება და მან უკვე ტრადიციული ხასიათი მიიღო. წელს პირველად, ტურნირზე ორი ქვეყნის წარმომადგენელი სამი გუნდი ჩამოვიდა, თუმცა მსურველი ბევრად მეტი იყო:

„სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან, საქართველოს მიმართ ინტერესი ძალიან დიდია, როგორც სარაგბო და ტურისტული ქვეყნის. ჩამოსვლის სურვილს ბევრი ქვეყნის გუნდი გამოთქვამს და ვიმედოვნებთ, მომავალში ტურნირი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება“.

site.rugby.ge

0.115452