ფეხბურთი

4:12 | 23.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

მბაპემ მესის და რაულის მიღწევა გააუმჯობესა

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელ კილიან მბაპეს ბელგიაში, „ბრიუგესთან“ (5:0) ნამდვილი ბენეფისი ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე მხოლოდ 38 წუთი გაატარა.

ეს დრო სრულიად საკმარისი გამოდგა, რომ 20 წლის ფრანგს ბელგიელთა კარი სამჯერ დაელაშქრა (ამასთან, საგოლე პასიც გააკეთა). კილიანმა ჰეთ-თრიქის გაფორმებას სულ რაღაც 22 წუთი მოანდომა, სწორედ აღნიშნულ ინტერვალში გაიტანა სამივე გოლი.

საინტერესოა, რომ მბაპემ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდულ ასაკში შეძლო 15 გოლის გატანა - 20 წლისა 306 დღის ასაკში. ფრანგმა ლიონელ მესის აჯობა, რომელმაც 15 გოლი 21 წლისა და 288 დღის ასაკში მიითვალა, ხოლო მესამე ადგილზე რაულია, ესპანელმა ამ ნიშნულს 22 წლისა 163 დღის ასაკში უწია.

ცნობისთვის, მბაპეს „ბრიუგესთან“ ჩინებული გარჯის შემდეგ უკვე 17 გოლი აქვს გატანილი ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში.

ბოლოსკენ ისიც ვთქვათ, რომ მბაპე 2008 წლის შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 3 (ან მეტი) გოლი მეორე ტაიმში ცვლილებაზე შესულმა გაიტანა. 2008 წელს მსგავსი შედეგით „ვილიარეალის“ ფეხბურთელი ხოსება ლორენტე დანიურ „ოლბორგთან“ გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112027