კალათბურთი

12:24 | 22.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

თსუ-ის რექტორმა ნუგზარ მარკოიშვილი საპატიო მედლით დააჯილდოვა და კალათბურთელთა გუნდი მიიღო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ თსუ-ის კალათბურთის სფეროს წარმომადგენელთა მიღება გამართა. უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში რექტორმა ღვაწლმოსილი კალათბურთის მწვრთნელი, ნუგზარ მარკოიშვილი თსუ-ის საიუბილეო მედლით დააჯილდოვა. აღნიშნული მედალი ძალიან საპატიოა და მარკოიშვილი გახლავთ პირველი ლაურიატი, რომელმაც იგი თსუ-ში სპორტის განხრით დაიმსახურა. საიუბილეო მედლის მფლობელები ძირითადად მეცნიერ-მუშაკები და თსუ-ის გამორჩეული პროფესორ-მასწავლებლები ხდებოდნენ.

მედლის გადაცემის შემდეგ, თსუ-ის რექტორმა საპატიო სიგელებით დააჯილდოვა თსუ-ის საკალათბურთო გუნდის წევრები, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირი მოიგეს. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული და სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე.

პაატა გურასპაულმა გულითადად მიულოცა ბატონ ნუგზარ მარკოიშვილს თსუ-ის საიუბილეო მედლის დამსახურება და თავის მხრივ დააანონსა ახლო მომავალში მისთვის სახელმწიფო ჯილდოს მინიჭებაც. ფედერაციამ უკვე მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რათა ნუგზარ მარკოიშვილი კალათბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდეს საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის ორდენით. ამ ორდენის მარკოიშვილისთვის უახლოეს მომავალში მინიჭება დაადასტურა სამინისტროს წარმომადგენელმა, სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ. მან აღნიშნა, რომ პროცედურული საკითხების გავლის შემდეგ კალათბურთის ფედერაციის ეს თხოვნა დაკმაყოფილებული იქნება.

ღონისძიება დაასრულა თსუ-ის ვოკალურმა დასმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებისთვის ქართული ხალხური ჰანგები შეასრულა.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11726