კალათბურთი

2:32 | 13.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინი დაფრინავს - ქართველის მორიგი MVP ესპანეთის ჩემპიონატში

ესპანეთის ლიგა ენდესას მეოთხე ტურში გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფემ“ „მონბუსი“ 90:78 დაამარცხა და უკვე ტრადიციულად ქართველი მთავარ როლში იყო.

შეხვედრის ბედი კი, ბოლო პერიოდმა გადაწყვიტა, რომელიც მასპინძლებმა 9 წულით მოიგეს და სწორედ ამის ხარჯზე მოახერხეს საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ „ტენერიფე“ მეტოქეს მთელი თამაშის განმავლობაში ამარცხებდა და ოდენ მესამე პერიოდში სიტუაცია ოდნავ დაიძაბა.

შერმადინი კი ახალი გუნდის რიგებში უბრალოდ შეუდარებლად ირჯება. ესპანეთის ჩემპიონატში ჯერ მხოლოდ 4 ტური მიილია და გიორგი მესამედ გახდა მატჩის MVP (მათ შორის, ზედიზედ მეორედ).

ქართველმა ცენტრმა 25:47 წუთში 19 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, რაც მთავარია ჩინებულად უტევდა, 10-დან 8 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

შედეგად, მარგი ქმედების კოეფიციენტი 23-ს გაუტოლდა, რაც ორივეს რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. ამასთან 19 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშეც გახდა და MVP-ის ტიტული უპირობოდ დაიმსახურა.

რაც შეეხება „იბეროსტარ ტენერიფეს“ 4 მატჩში 2 მოგების წილ ამდენივე წაგებით მერვე პოზიცია უკავია, ხოლო მომდევნო ტურში 20 ოქტომბერს, „მანრესას“ ესტუმრება.

0.12642