სხვა

19:29 | 10.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

სპორტის მართვისა და განვითარების დეპარტამენტი ლევან საგინაშვილის სხვა ქვეყანაში შესაძლო გადასვლის საკითხს გამოეხმაურა

მკლავჭიდში მსოფლიოს 7-გზის და ევროპის 6-გზის ჩემპიონი ლევან საგინაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობას აპირებს.

აღნიშნულ საკითხს სპორტის მართვისა და განვითარების დეპარტამენტი ოფიციალური განცხადებით გამოეხმურა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ლევან საგინაშვილმა 2018 წელს საქართველოს ნაკრების სახელით მონაწილეობა მიიღო მკლავჭიდის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატზე, ამასთან ორივე ტურნირზე მოპოვებული გამარჯვების სანაცვლოდ მიიღო სახელმწიფოსგან დაწესებული კუთვნილი პრემია.

2019 წელს საგინაშვილმა გადაწყვიტა კომერციულ ტურნირებში მონაწილეობა, რასაც პირდაპირ კრძალავს მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაცია. სწორედ ამიტომ მან გამოტოვა წლეულს ჩატარებული ევროპის ჩემპიონატი. ამასთან, აღვნიშნავთ, რომ საგინაშვილი რჩება ეროვნული ნაკრების წევრად და იმ შემთხვევაში თუ ის უარს იტყვის კომერციულ ტურნირებში მონაწილეობაზე, კვლავ დაიცავს საქართველოს ნაკრების ღირსებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მას უბრალოდ საერთაშორისო ფედერაცია არ მისცემს მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის საშუალებას, რაც მოხდება საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციისგან დამოუკიდებლად.

სამინისტრო, მლავჭიდის ფედერაციას უფინანსებს ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატზე ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მონაწილეობას. შესაბამისად, ვერ დავუშვებთ გამონაკლისს და ვერ დავაფინანსებთ ამა თუ იმ სპორტსმენის კომერციულ ტურნირში მონაწილეობას, მითუმეტეს მაშინ როცა ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება საერთაშორისო ფედერაციის რეგლამენტს და სპორტსმენს უკრძალავს საქართველოს ნაკრების სახელით ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლებას", - ნათქვამია განცხადებაში.

სპორტის მართვისა და განვითარების დეპარტამენტი

0.11399