კალათბურთი

16:25 | 8.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

კალათბურთის ფედერაციის პრესკონფერენცია (+VIDEO)

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობამ პრესკონფერენცია გამართა, რომელსაც ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული და სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების დირექტორი გიორგი ზაბახიძე დაესწრნენ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 6-8 სექტემბერს თბილისის რიყის პარკში ევროპის 18-წლამდელთა თასი გაიმართა 3×3 კალათბურთში, რომელშიც 16 ქვეყნის 24 ნაკრები მონაწილეობდა.

საკონტინენტო მნიშვნელობის ღონისძიება ჩატარდა კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის – FIBA-ს ეგიდით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით. ღონისძიებას ესწრებოდა ფიბა-ევროპის აღმასრულებელი დირექტორი კამილ ნოვაკი და კალათბურთის საერთაშორისო ორგანიზაციის (FIBA) დელეგაცია.

აღსანიშნავია, რომ საორგანიზაციო კუთხით, საქართველომ ფიბა-სგან კიდევ ერთხელ მიიღო უმაღლესი შეფასება. ტურნირის ჩატარების ადგილმა და სანახაობრივმა ნაწილმა უცხოური დელეგაციის დიდი მოწონება დაიმსახურა და ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნებისმიერი საერთაშორისო ღონისძიების ღირსეულად მასპინძლობა შეუძლია.

კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობამ პრესკონფერენციაზე ოფიციალურად შეაჯამა თბილისში გამართული 3X3 კალათბურთში 18-წლამდელთა ევროპის თასი. ჩემპიონატის შესახებ მომზადდა ვიდეო-რგოლი, რომელმაც ფიბას მიერ დიდი მოწონება დაიმსახურა და რომელმაც აღნიშნული ღონისძიება ოფიციალურად შეიყვანა მსოფლიოს 5 საუკეთესოდ ორგანიზებულ საკალათბურთო ტურნირს შორის.

პრესკონფერენციის მეორე ნაწილი ახალ საკალათბურთო სეზონს დაეთმო, რომელიც ოფიციალურად გაიხსნა დუდუ დადიანის მემორიალით. მემორიალში სუპერლიგის 9 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. დუდუ დადიანის ფინალში გასასვლელად დღეს, 8 ოქტომბერს, ნახევარფინალურ მატჩებში თსუ-კაკტუსი და ბათუმი-დინამო იბრძოლებენ. ფინალური მატჩი კი 9 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

GBF.GE

0.149389