ფეხბურთი

18:23 | 7.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფოთში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და ვიცე-პრეზიდენტმა აკაკი ალადაშვილმა ფოთში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა ფოთის მერთან გოჩა კურდღელიასთან, ფოთის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი ხახუბიასთან, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარესთან ირაკლი კაკულიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას დაფინანსებით ფოთის საფეხბურთო სკოლის ტერიტორიაზე ტექნიკური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ადგილზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყობა და დამონტაჟდება განათების სისტემა. ასევე აშენდება 300 მაყურებელზე გათვილი ტრიბუნა და ადმინისტრაციული შენობა ყველა იმ საჭიროებით, რომელიც ტექნიკური ცენტრის გამართულად მუშაობისთვის აუცილებელია. ფოთის ტექნიკური ცენტრი შშმ პირებისთვის სრულად იქნება ადაპტირებული.

ფოთის საფეხბურთო სკოლის ტერიტორიაზე ტექნიკური ცენტრის მშენებლობა მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და პროექტის დასრულება 2020 წლის გაზაფხულზე იგეგმება. სამუშაოებს სამშენებლო კომპანია “სფრინგ ქონსთრაქშენი” ახორციელებს.

ლევან კობიაშვილი - სფფ-ის პრეზიდენტი: "ძალიან ბედნიერი, ვარ რომ ფოთში იმ ადგილზე ვიმყოფები, სადაც რამდენიმე თვის წინ, სულ სხვა ვითარება დაგვხვდა. მაშინ ადგილობრივ მოსახლეობას და განსაკუთრებით ფეხბურთის მოყვარულებს დავპირდი, რომ აქ ფეხბურთის ფედერაცია გააკეთებდა საფეხბურთო ინფრასტრუქტურას და როგორც ხედავთ, უკვე რამდენიმე თვეა დაიწყო მშენებლობა და ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ამ პროექტს სავარაუდოდ, მომდევნო წლის გაზაფხულისთვის დავასრულებთ. პროექტი მოიცავს ორ სტანდარტული ზომის მოედანს, თავისი განათებით, გასახდელებით, ასევე მოეწყობა ტრიბუნა მაყურებლისთვის და იქნება ყველა ის საჭირო ინფრასტრუქტურა, რომელიც აუცილებელია მსგავსი ცენტრისთვის. აღსანიშნავია, რომ ფოთის ტექნიკური ცენტრის მშენებლობა უეფას მიერ ფინანსდება.

მე ძალიან ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ ამ ქალაქს ექნება ის, რაც დიდი ხნის განმავლობაში აკლდა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროექტის დასრულების შემდეგ ფეხბურთში ჩართული ბავშვების რაოდენობა უფრო მეტად გაიზრდება, რაც ჩვენი, ფეხბურთის ფედერაციის უმთავრესი მიზანია, რომ მივცეთ ბავშვებს ფეხბურთის თამაშის საშუალება. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ბედნიერი, ვარ რომ ფოთში არაჩვეულებრივი პროექტი განხორციელდება, რომელიც საჩვენებელი იქნება მთელი საქართველოსთვის."

GFF.GE

0.152743