ფეხბურთი

4:06 | 6.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

გამოსყიდული შეცდომა

იტალიის სერია A-ს მეშვიდე ტურში „მილანმა“ გამარჯვების გემო გაიხსენა და ზედიზედ სამი თამაშის წაგების შემდეგ, როგორც იქნა სამი ქულა მოიპოვა.

თუმცა, ეს ლომბარდიულ გრანდს დიდი ნერვიულობის ფონზე მოუწია, რადგან გენუაში, „ჯენოასთან“ ძალიან დიდი ბრძოლა გადახდა თავს. პირველ ტაიმში მასპინძლებს, რომლებმაც „მილანის“ დარად საშინლად დაიწყეს სეზონი, მეტოქისთვის ტოლი არ დაუდია და ტაიმის ბოლოს დაწინაურდნენ კიდეც. ლასე შონე ჯარიმებს რომ დიდებულად ასრულებს, ძველი ამბავია და დანიელმა იტალიაშიც გახსნა პირადი ანგარიში. მაგრამ ეს არ მოხდებოდა, რომ პეპე რეინას უხეში შეცდომა. ბედის ირონიით, შონე-რეინას დუელმა ამ მატჩის ბედი გადაწყვიტა, თუმცა ოდნავ მოგვიანებით.

მეორე ნახევარში „მილანმა“ თამაში მკვეთრად გამოასწორა და მალევე დაწინაურდა. ჯერ იყო და ტეო ერნანდესმა მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა, მერე სტუმრებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს და თან „ჯენოა“ კაცნაკლული დარჩა. პენალტი კი ფრანკ კესიემ ზუსტად დაარტყა. მატჩის მიწურულს მოედანზე ფეხბურთელთა რაოდენობა გათანაბრდა. დავიდე კალაბრიამ წითელი ბარათი მიიღო, უკვე მეორედ მიმდინარე სეზონში. ცოტა ხანში კი, ანგარიშიც თანაბრდებოდა. რეინამ საჯარიმოში იუხეშა და ამჯერად, „მილანის“ კარში დაინიშნა პენალტი. ბურთთან შონე მივიდა, მაგრამ პირველი ტაიმისგან განსხვავებით, ეს დუელი ესპანელი კიპერის გამარჯვებით დასრულდა და დასრულდა „მილანის“ სამმატჩიანი უქულო სერიაც. „როსონერიმ“ ხასიათი გამოიკეთა 9 ქულა დააგროვა, მაგრამ მარკო ჯამპაოლოს საფიქრალი და სამუშაო თავზე საყრელად რომ აქვს, ცხადზე ცხადია. თავის მხრივ, „ჯენოა“ 5 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა და შესაძლოა, მალე მთავარი მწვრთნელიც იცვალოს.

ბოლო ადგილზე კი, მეორე გენუური გუნდი „სამპდორიაა“, რომელიც კიდევ უფრო საშინელ ვითარებაშია და 7 ტურიდან 6 ტურში მარცხი განიცადა. ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდის მორიგი წარუმატებელი თამაში ვერონაში შედგა, სადაც მასპინძლებმა ორი უპასუხო გოლი გაუტანეს სტუმრებს. „სამპას“, რომელსაც სულ სხვა მიზნები ჰქონდა სეზონის წინ, მხოლოდ 3 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ფსკერზე დაილექა. დი ფრანჩესკოს დღეები კი, ლიგურიელთა თავკაცის პოსტზე წესით დათვლილი უნდა იყოს.

ტური კი, ფერარაში, „სპალისა“ და „პარმას“ დაპირისპირებით გაიხსნა და მასპინძლებმა სეზონში მეორე გამარჯვება ანდრეა პეტანიას გოლით მოიპოვეს. კვირას ტურის დარჩენილი მატჩები გაიმართება და ყველას ინტერესი „სან სიროსკენ“ იქნება მიპყრობილი, სადაც ლიდერები, მეტოქეები, მტრები, „ინტერი“ და „იუვენტუსი“ დიდ იტალიურ დერბიში შეერკინებიან.

„სპალი“ – „პარმა“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 პეტანია (31)

„ვერონა“ – „სამპდორია“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 კუმბულა (9), 2:0 მურუ (81, ა.გ)

„ჯენოა“ – „მილანი“ 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 შონე (41), 1:1 ტეო ერნანდესი (51), 1:2 კესიე (57, პენ)

თეგებისერია A
0.131828