ფეხბურთი

15:46 | 30.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგის ინტრიგა - ვინ იქნება ფინიშის ხაზთან პირველი?

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონი ერთობ დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს და სეზონის დასრულებამდე 7 ტურით ადრე, წარმოუდგენლად რთულია იმის თქმა, ვინ გახდება საქართველოს ჩემპიონი.

ცხადია, გვახსოვს ორი წლისწინანდელი სეზონი, როდესაც ჩემპიონის ვინაობა უშუალო კონკურენტთა შორის, ბოლო ტურში, ბოლო წუთზე გადაწყდა („დინამო“ – „ტორპედოს“ ცნობილი მატჩი) და შეიძლება ითქვას, ახლაც არანაკლებ დრამატული მოვლენები გველოდება. რა თქმა უნდა, ფინიში მთლად ისეთი არ იქნება, რადგან ბოლო ტურში ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდები ერთმანეთს არ ხვდებიან, მაგრამ ძალზე საინტერესო ტურები რომ გველოდება, ეს ცხადზე ცხადია.

29 ტურის თავზე ლიდერი „დინამო ბათუმია“, რომელსაც მიჯრით შვიდი მატჩი აქვს მოგებული და 61 ქულით ლიდერის პოზიციას იკავებს. კვალში „დინამო თბილისი“ დგას, რომელსაც სამი ქულით ნაკლები აქვს, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ მთავარ კონკურენტთან შედარებით თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. დედაქალაქური გუნდი ამ შეხვედრას 2 დღეში საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, „საბურთალოს“ წინააღმდეგ ჩაატარებს. ეს მესამე წრის დაპირისპირებაა, რომელიც თავის დროზე იმიტომ გადაიდო, რომ ორივე გუნდი ევროტურნირებზე თამაშობდა. მოკლედ, ფელის ვისენტეს შეგირდებს აქვთ შანსი, რომ აჭარულ გუნდს ქულებით გაუთანაბრდნენ და სეზონის ფინიშამდე 7 ტურით ადრე თანაბარ პოზიციაში აღმოჩდნენ. თავის მხრივ, „დინამო ბათუმი“ იმედოვნებს, რომ „საბურთალო“ ქულებს დააკარგვინებს მეტოქეს, რაც ცალსახად ბათუმელთა წისქვილზე დაასხამს წყალს.

ვთქვათ, რომ გია გეგუჩაძის გუნდს მომდევნო მატჩი სწორედ "დინამო თბილისთან" აქვს ბათუმში და ამ შეხვედრაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. თამაში 6 ოქტომბერსაა ჩანიშნული და აჭარლებს თამამად შეუძლიათ უკვე ხსენებული 90 წუთისთვის მომზადება. "დინამო თბილისზე" იგივეს ვერ ვიტყვით, რადგან ბათუმში სტუმრობამდე საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდს კიდევ ერთი "მცირე ფინალი" აქვს გასამართი, 2 ოქტომბერს "საბურთალოსთან" და ჯერ სწორედ აღნიშნულ თამაშზე მართებს ფიქრი და მზადება.

ამასობაში, „საბურთალოს“ თავისი მიზნები ამოძრავებს და ჯერ გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის ჩამოწერა არ შეიძლება. რა თქმა უნდა, დინამოებთან შედარებით, ახლა მოქმედი ჩემპიონის შანსი უფრო დაბალია, მაგრამ ფაქტია საჩემპიონო რბოლაში ჯერ კიდევ რჩება. მაგალითისთვის, თუ გამოტოვებულ მატჩს „დინამო თბილისთან“ მოიგებს, სხვაობას ლიდერთან 4 ქულამდე შეამცირებს, რაც 7 ტურში აღმოუფხვრელი სხვაობა სულაც არ გახლავთ.

შესაბამისად, მართლაც საინტერესო, დაძაბული და ვინძლო დრამატული სცენარი ჯერ კიდევ წინაა და ვნახოთ ვინ მიასწრებს ფინიშის ხაზთან პირველი. ქვემოთ კი, სამივე გუნდის დარჩენილ კალენდარს შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ, დანარჩენი უშუალოდ მინდორზე უნდა გამოჩნდეს.

„დინამო ბათუმის“ კალენდარი

„დინამო თბილისი“ (სახლში)

„დილა“ (სტუმრად)

„ვიტ ჯორჯია“ (სახლში)

„ჩიხურა“ (სტუმრად)

„სიონი“ (სახლში)

„რუსთავი“ (სახლში)

„ლოკომოტივი“ (სტუმრად)

„დინამო თბილისის“ კალენდარი

„საბურთალო“ (სახლში)

„დინამო ბათუმი“ (სტუმრად)

„ლოკომოტივი“ (სახლში)

„საბურთალო“ (სტუმრად)

„ტორპედო“ (სახლში)

„რუსთავი“ (სტუმრად)

„დილა“ (სტუმრად)

„ვიტ ჯორჯია“ (სახლში)

„საბურთალოს“ კალენდარი

„დინამო თბილისი“ (სტუმრად)

„რუსთავი“ (სტუმრად)

„ტორპედო“ (სტუმრად)

„დინამო თბილისი“ (სახლში)

„დილა“ (სტუმრად)

„ვიტ ჯორჯია“ (სახლში)

„ჩიხურა“ (სტუმრად)

„სიონი“ (სახლში)

0.114099