ფეხბურთი

2:46 | 30.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

გზააბნეულნი

„მილანის“ მდგომარეობა უკვე ძალიან მძიმეა. „როსონერი“ დიდი ხანია, წლებია საკუთარ თავს არ ჰგავს, მაგრამ ზედიზედ სამი წაგების შემდეგ ყველაფერი კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა.

მარკო ჯამპაოლოს პაოლო მალდინი ნდობას უცხადებს და გამოუცხადა „ფიორენტინასთან“ კოშმარული მატჩის შემდეგაც, მაგრამ საკითხავია, როდემდე გასტანს თავაზიანი საუბარი ჟურნალისტების წინაშე?!

„სან სიროზე“ „ფიორენტინამ“ რაც მოისურვა ყველაფერი გააკეთა და ისე მოიგო, თითქოს მინდორზე მარტო თამაშობდა. დიდებული თამაში ჰქონდა ფრანკ რიბერის, რომელმაც საოცრად მოხდენილი გოლი გაიტანა და ბოლოს ადგილობრივი ფანების აპლოდსიმენტებიც დაიმსახურა. სამაგიეროდ, „როსონერის“ ტიფოზებმა თუ რიბერი ტაშით გააცილეს, საკუთარ გუნდს ლანძღვა-გინება არ დააკლეს, ნაწილმა კი სტადიონი საერთოდაც ნაადრევად დატოვა. ვერ გაამტყუნებ ამ ადამიანებს, რადგან როგორც უკვე ვთქვით, „იები“ მოედნის ბატონ-პატრონები იყვნენ. 3:1 მოიგეს და კიდევ არაერთი შანსი ჰქონდათ, ფედერიკო კიეზამ მაგალითად პენალტი ვერ გაიტანა. საწყის 6 ტურში „მილანის“ მდგომარეობა კატასტროფულად მძიმეა, მე-16 ადგილი და ერთადერთი ქულა გასავარდნი ზონისგან. „როსონერიმ“ საწყის 6 თამაშში 4 მარცხი განიცადა და მსგავსი საშინელება ბოლოს 1938-1939 წლების სეზონში დაემართა, ხოლო მანამდე ერთადერთხელ 1930-1931 წლების სეზონში. ამასობაში „ფიორენტინამ“ „სან სიროზე“ „მილანს“ ბოლო 10 სეზონში მეხუთედო მოუგო და ამავე პერიოდში ასეთი შედეგით თავს სხვა გუნდები ვერ იწონებენ.

სანამ „მილანი“ გვირაბიდან თავის დაღწევას უშედეგოდ ცდილობს და უიმედო ვითარებაშია, სხვა გუნდები ქულებს აგროვებენ. მაგალითად, „რომა“, რომელმაც „ლეჩეს“ „ვია დელ მარეზე“ ედინ ჯეკოს კინკილა გოლით მოუგო და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.

კიდევ უფრო ადვილად იმარჯვა „ლაციომ“, რომელმაც „ჯენოას“ 4:0 აჯობა. გენუელთა მდგომარეობაც საგანგაშოა, რადგან 5 ქულით გასავარდნ ზონაშია და როგორც ამბობენ, სულ მალე ლიგურიელებს ჯენარო გატუზოს ჩააბარებენ.

„ნაპოლიმ“ „ბრეშას“ უმასპინძლა და წინა ტურში წაგების შემდეგ ფეხის დაცდენის უფლება არ ჰქონია. ნეაპოლელებმა პირველივე ტაიმში დრის მერტენსისა და კოსტას მანოლასის გოლებით სოლოდიური უპირატესობა მიიღეს. მართალია მეორე ნახევარში მარიო ბალოტელიმ სხვაობა შეამცირა, მაგრამ ამან მხოლოდ ანგარიში შეცვალა და შედეგი უცვლელი დარჩა. ცხადია, უნდა ვთქვათ, რომ ბალოტელისთვის ეს პირველი გოლია სამშობლოში დაბრუნების შემდეგ.

მეექვსე ტური ორშაბათს დასრულდება, როდესაც „პარმა“ და „ტორინო“ ერთმანეთის წინაშე წარსდგებიან.

„ნაპოლი“ – „ბრეშა“ 2:1 (2:0)

გოლები: 1:0 მერტენსი (13), 2:0 მანოლასი (45), 2:1 ბალოტელი (67)

„ლაციო“ – „ჯენოა“ 4:0 (2:0)

გოლები: 1:0 მილინკოვიჩ-სავიჩი (7), 2:0 რადუ (40), 3:0 კაისედო (59), 4:0 იმბობილე (90)

„ლეჩე“ – „რომა“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ჯეკო (58)

„უდინეზე“ – „ბოლონია“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ოკაკა (27)

„კალიარი“ – „ვერონა“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 კასტრო (29), 1:1 ფარაონი (66)

„მილანი“ – „ფიორენტინა“ 1:3 (0:1)

გოლები: 0:1 პულგარი (14, პენ), 0:2 კასტროვილი (66), 0:3 რიბერი (78), 1:3 ლეაო (80)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.224492