ფეხბურთი

3:45 | 26.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

მყარი და საშიში "ინტერი"

მილანის „ინტერი“ ჯერჯერობით არავის ინდობს და ყველას წინააღმდეგ მოედანს გამარჯვებული ტოვებს. ანტონიო კონტეს გუნდს ხუთი ტურის თავზე 15 ქულა დაუგროვდა და რა გასაკვირია, რომ ამ შედეგით ყველას ზემოდან დაჰყურებს.

არადა, „ნერაძურის“ მე-5 ტურში არ ჰყავდა ადვილი მეტოქე რომის „ლაციოს“ სახით და არც თამაში გამოსულა მარტივი, მაგრამ მთავარი ტაბლოა, რომელზეც ანგარიში მილანელთა სასარგებლოდ აისახა. „ინტერს“ ერთადერთი გოლი ეყო გამარჯვებისთვის, რომელიც 3-5-2 ტაქტიკური სქემისთვის დამახასიათებლად გავიდა. მარცხენა განაპირა მცველმა (ნახევარმცველმა) კრისტიანო ბირაგიმ საჯარიმოში ჩააწოდა და იქ მარჯვენა მცველ-ნახევარმცველმა დანილო დ’ამბროზიომ ჯონის ჩამოძინებით ისარგებლა და თავით გაიტანა. „ლაციოს“ პირველივე ტაიმში შეეძლო გათანაბრება, მაგრამ „ნერაძურის“ კაპიტანი სამირ ჰანდანოვიჩი სულაც არ აპირებდა გოლის გაშვებას. სლოვენიელი შესანიშნავი იყო. მეორე ტაიმში კი ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები, მაგრამ გოლი აღარ გასულა. „ინტერმა“ მოიგო, ზედიზედ მეხუთედ და აქედან ოთხჯერ კარი მშრალად შეინახა. შედეგად, ოდენ 1 გოლი აქვს გაშვებული. სხვათა შორის, კონტე „ინტერის“ ისტორიაში პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც სადებიუტო სეზონში საწყისი 5 თამაში მიჯრით მოიგო. მოკლედ, „ინტერი“ აღარ ხუმრობს და ვინძლო, „იუვენტუსის“ დაუმარცხებელ ჰეგემონიას აპენინზე საფრთხე უკვე მართლაც რეალურად დაემუქროს. ცნობისთვის, სუპერდაპირისპირებამდე არც ისე ბევრი დარჩა - 6 ოქტომბერს, „ინტერი“ „იუვენტუსს“ დაუხვდება. იქამდე კი, გენუაში ჩავა და „სამპდორიასთან“ ეცდება გამარჯვებული სერიის გაგრძელებას.

თუ „ინტერს“ ფეხი არავისთან უცდება, იგივეს ვერ ვიტყვით „ნაპოლიზე“, რომელიც მოულოდნელად „სან პაოლოზე“ „კალიარისთან“ უქულოდ დარჩა. ბუნებრივია, კარლო ანჩელოტის გუნდი უდიდეს უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მეტისმეტად ბევრი მომენტი გაატანა ქარს. ბოლოსკენ კი, სტუმართა კარგი იერიშიც გაეპარა და კასტროს გოლმა სარდინიელებს ზედიზედ მესამე გამარჯვება მოუტანა.

სეზონში პირველი მარცხი განიცადა პაულო ფონსეკას „რომამ“, რომელმაც „სტადიო ოლიმპიკოზე“ ბერგამოს „ატალანტას“ ვერაფერი დააკლო და მატჩის დასკვნით ნაწილში გაშვებული ორი გოლით დამარცხდა. „ჯალოროსის“ აქამდე 8 ქულა ჰქონდა მოპოვებული და შესაბამისად, ბერგამოელებთან უქულოდ დარჩენის შემდეგ ლიდერებს საგრძნობლად ჩამორჩა. „ატალანტას“ კი, 2011-2012 წლების სეზონის შემდეგ 5 ტურის თავზე 10 ქულა მოპოვებული არ ჰქონია.

როგორც იქნა მოიგო „ფიორენტინამ“. ეს სიტყვა ზუსტად შეესაბამება ფლორენციელთა ნანატრ წარმატებას, რადგან არათუ მიმდინარე სეზონში, არამედ თებერვლის შემდეგ ეს იყო პირველი გამარჯვება სერია A-ში. „იებმა“ გენუის „სამპდორიასთან“ მოახერხეს სამი ქულის მოპოვება და გასავარდნი ზონა დატოვეს. ლიგურიელთა ვითარება კი, მეტად სავალალოა, რადგან ამბიციური „სამპა“ სამი ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება.

„ლეჩემ“ ზედიზედ მეორედ მოიგო საგარეო თამაში. ფაბიო ლივერანის გუნდს „ვია დელ მარეზე“ უჭირს გარჯა, მაგრამ სტუმრად მშვენივრად ჩაუქობს. ეს საკმაოდ უცნაურია, რადგან „ლეჩე“ ოდითგან საშინაო გუნდად ითვლებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს წარსულში დარჩა. პულიელებმა უშუალო კონკურენტ „სპალს“ მისსავე მოედანზე შანსი არ დაუტოვეს.

„პარმამ“ „სასუოლოს“ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გატანილი ბურაბიას ავტოგოლით იმარჯვა, ხოლო „ჯენოა“ და „ბოლონია“ უგოლოდ დაშორდნენ. არადა, სინიშა მიხაილოვიჩის გუნდი უცილობლივ მოიგებდა, რომ არა ნიკოლა სანსონეს შეცდომა, რომელმაც პენალტი გააცუდა.

სერია A-ს მე-5 ტური კი დღეს, ტურინში, „ტორინოსა“ და „მილანის“ შეხვედრით დასრულდება.

„რომა“ – „ატალანტა“ 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 ძაპატა (71), 0:2 დე რუნი (90)

„ფიორენტინა“ – „სამპდორია“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 პეცელა (31), 2:0 კიეზა (57), 2:1 ბონაცოლი (79)

„ჯენოა“ – „ბოლონია“ 0:0 (0:0)

„ინტერი“ – „ლაციო“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 დ’ამბროზიო (23)

„პარმა“ – „სასუოლო“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ბურაბია (90, ა.გ)

„ნაპოლი“ – „კალიარი“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 კასტრო (87)

„სპალი“ – „ლეჩე“ 1:3 (1:1)

გოლები: 0:1 მანკოსუ (11, პენ), 1:1 დი ფრანჩესკო (17), 1:2 კალდერონი (47), 1:3 მანკოსუ (73, პენ)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110978