ავტოსპორტი

23:38 | 22.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

სებასტიან ფეტელმა სეზონში პირველი გამარჯვება სინგაპურში მოიპოვა

სებასტიან ფეტელის გამარჯვებით დასრულდა სინგაპურის დიდი პრიზის რბოლა. მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა პიტ სტოპის უკეთესი სტრატეგიით შეძლო თანაგუნდელ შარლ ლეკლერის ჩამოტოვება და ფინიშის ხაზიც პირველმა გადაკვეთა. მისთვის, ეს ბოლო 13 თვეში პირველი მოგებული რბოლაა. „ფერარიმ“ კი დუბლი შეასრულა, თუმცა ლეკლერი უკმაყოფილო დარჩა იმის გამო, რომ გუნდმა ფეტელისთვის დათმობა სთხოვა.

ფეტელმა რბოლა მესამე პოზიციიდან დაიწყო და პიტ სტოპამდე წინ წაწევა ვერ შეძლო. თუმცა რეზინი ლეკლერზე ადრე გამოცვალა, რამაც ის უპირატესობა მისცა, რაც ლეკლერის პიტ სტოპის შემდეგ, მის გასასწრებად საკმარისი აღმოჩნდა. საბოლოოდ, თანაგუნდელებმა ფინიშის ხაზი 2.6-წამიანი დაშორებით გადაკვეთეს.

საინტერესოა, რომ „ფერარიმ“ 2008 წლის შემდეგ პირველად შეძლო ზედიზედ სამი რბოლის მოგება - ამ სამიდან პირველი ორი (სპა და მონცა) ლეკლერის ანგარიშზეა. ამასთან, მარანელოელებისთვის ეს პირველი დუბლია 2017 წლის სეზონის შემდეგ.

კვარცხლბეკზე მესამე საფეხური მაქს ფერსტაპენმა დაიკავა. სამეულში შესვლა ვერ შეძლეს „მერსედესის“ პილოტებმა, არადა სინგაპურის რბოლაში ფავორიტებად სწორედ ისინი იყვნენ მიჩნეულნი. ლუის ჰამილტონმა ფინიშს მეოთხემ მიაღწია, თუმცა ამის მიუხედავად, ლიდერობა მაინც განიმტკიცა - მეორეზე მყოფ თანაგუნდელ ვალტერი ბოტასს, რომელმაც მეხუთე ადგილი დაიკავა, 65 ქულას უგებს. თავის მხრივ, ბოტასი 31 ქულას უგებს ლეკლერს და ფერსტაპენს, რომლებიც მესამე ადგილს იყოფენ.

„ძალიან კმაყოფილი ვარ. შესანიშნავი რბოლა იყო. ვულოცავ გუნდს. ჩვენთვის სეზონის დასაწყისი ძალიან რთული გამოდგა, მაგრამ ბოლო რბოლებში გამოცოცხლება შევძელით“, - განაცხადა ფეტელმა, ვისთვისაც ეს ფ1-ში მოპოვებული 53-ე გამარჯვებაა. საინტერესოა, რომ დღევანდელ რბოლამდე, მას და ჰამილტონს სინგაპურში 4-4 გამარჯვება ჰქონდათ მოპოვებული.

ლეკლერმა გუნდის მიმართ უკმაყოფილება რადიოთი მაშინვე გამოთქვა, როგორც კი ფეტელი მის წინ დაინახა. შემდგომში კი, ტრასაზე უსაფრთხოების მანქანის სამი ვიზიტის დროს, ის გუნდს სიმძლავრის გაზრდას სთხოვდა, რათა ლიდერობისთვის ბრძოლის საშუალება ჰქონოდა, მაგრამ მისი მოთხოვნა არ შესრულდა.

საინტერესოა, რომ გვიანი პიტ სტოპის წყალობით, რბოლას რამდენიმე წრის განმავლობაში, „ალფა რომეოს“ ანტონიო ჯოვინაცი ლიდერობდა, რომელიც საბოლოოდ, მეათე ადგილს დასჯერდა.

უსწრაფესი წრე „ჰაასის“ კევინ მაგნუსენის ანგარიშზეა, მაგრამ მას ქულა არ ერგო, რადგან რბოლა მე-17 ადგილზე დაასრულა, სწრაფი წრისთვის ქულა კი მხოლოდ ათეულში შესულ პილოტს ეწერება.

სინგაპურის დიდი პრიზი

სინგაპური, მარინა ბეი, დისტანცია 308.706 კმ (5.063 კმ, 61 წრე)

  1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:58.33.667 (156.226 კმ/სთ)
  2. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 2.641
  3. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 3.821
  4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 4.608
  5. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 6.119
  6. ალექს ალბონი (ტაილანდი, ტორო როსო) 11.663
  7. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 14.769
  8. პიერ გასლი (საფრანგეთი, რედ ბული) 15.547
  9. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 16.718
  10. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 17.855
  11. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 35.436
  12. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 35.974
  13. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 36.419
  14. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 37.660
  15. დანიილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 38.178
  16. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, უილიამსი) 47.024
  17. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:26.522
  18. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 12 წრე
  19. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 19 წრე
  20. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 27 წრე

უსწრაფესი წრე: კევინ მაგნუსენი - 1:42.301 (58-ე წრე, 178.168 კნ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 296 ქულა; 2. ვალტერი ბოტასი - 231; 3-4. შარლ ლეკლერი და მაქს ფერსტაპენი - 200; 5. სებასტიან ფეტელი - 194; 6. პიერ გასლი - 69; 7. კარლოს საინსი - 58; 8. ალექს ალბონი - 42; 9. დანიელ რიკარდო - 34; 10-11. დანიილ კვიატი და ნიკო ჰულკენბერგი - 33; 12-13. ლანდო ნორისი და კიმი რაიკონენი - 31; 14. სერხიო პერესი - 27; 15-16. ლანს სტროლი და კევინ მაგნუსენი - 19; 17. რომენ გროჟანი - 8; 18. ანტონიო ჯოვინაცი - 4; 19. რობერტ კუბიცა - 1; 20. ჯორჯ რასელი - 0

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. მერსედესი - 527 ქულა; 2. ფერარი - 394; 3. რედ ბულ-ჰონდა - 289; 4. მაკლარენ-რენო - 89; 5. რენო - 67; 6. ტორო როსო-ჰონდა - 55; 7. რეისინგ პოინტ-მერსედესი - 46; 8. ალფა რომეო-ფერარი - 35; 9. ჰაას-ფერარი - 27; 10. უილიამს-მერსედესი - 1

0.155146