ბლოგი

11:15 | 22.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლეგენდარული საფეხბურთო დერბები

ფეხბურთში დიდ და გასაგიჟებელ დერბებს რა დალევს. აგერ გაიხედავ მადრიდში და “რეალისა“ და “ატლეტიკოს“ ჯახია ისეთი, რომ პრიმერას ნაღდ ქომაგს სიამისაგან აჟრჟოლებს როდესაც ამ თამაშებს იხსენებს. კატალონიური დერბებიც დიდი რამაა და ვისაც “ესპანიოლი“ თვალში ეპატარავება, იმან არც კატალონიის მუღამი იცის და არც დერბების რაობა.

ინგლისი ხომ საერთოდ გასაოცარი დერბების ალაგია და ბირმინგემულ, მანჩესტერულ თუ ლივერპულურ ჯახებსაც რომ თავი დავანებოთ, მხოლოდ ლონდონური დაპირისპირებებია ისეთი, საქმეში ჩაუხედავ კაცს ამ ქალაქის რუკაზე მოუნდება ძებნა “ჩელსი“, “ტოტენჰემი“, “არსენალი“ თუ სხვანი ლონდონის რომელ ალაგას მოსახლეობენ, რათა დაადგინოს ჩრდილოლონდონელს სამხრეთელი რად არ ეპიტნავება და დასავლეთლონდონელს რატომ სძულს აღმოსავლეთი.

გერმანიაში უფრო მეტად რეგიონული დერბებია პოპულარული და შვაბიური, რურის ოლქის თუ ბავარიულ დერბებს აქვთ გასავალი. მიუხედავად ამისა, გერმანია ცოტა სხვაგვარი მოწყობის სახელმწიფოა და რეგიონული პატრიოტიზმიც გერმანიაში უფრო ჭრის. ამიტომაც, როდესაც ვთქვათ ბერლინის რომელიმე კლუბი “ჰამბურგს“ ხვდება, სრულიად ჰამბურგი დედაქალაქელთა წინააღმდეგაა განწყობილი და აქ შიდაქალაქური სეპარატიზმი ნაკლებია.

დებების კუთხით საოცარი ქალაქია სტამბოლი, სადაც ისეთი დაპირისპირებებია, “ბეშიქთაშის“, “გალათასარაის“, “ფენერბახჩეს“, “ისტანბულსფორის“ და სხვათა შეხვედრების სანახავად ოსმალეთის გარდა, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩადიან და არც ნანობენ. შიდასტამბულური დერბები გამორჩეული იმითაცაა, რომ სხვადასხვა სეზონში კლუბების ძალთა ბალანსი ხშირად იცვლება და შესაძლებელია რომელიმე გუნდი ერთი სეზონის მაჩანჩალობის შემდეგ უცებ გრანდად წარმოჩინდეს, რაც ცხადია დამატებითი ინტრიგაა ხოლმე.

იტალიური შიდაქალაქური დერბები მსოფლიოში ალბათ ყველაზე ფესვგაუხმობი და დამაინტრიგებელია. დუნიაზე არც ერთ ქვეყანაში არაა ამდენი ასეთი სკანდალური და ცნობილი დერბი. მილანური, რომაული, ტურინული, გენუური დერბებიდან ყველა ერთმანეთზე საოცარია და რთულია მათგან რომელიმე გამოარჩიო. თუმცა, ქომაგისათვის მთელი მარილი და სიამე კიდევ ისაა, რომ თვალსაამო დერბები არსებობს ისეთ შედარებით პატარა ქალაქებშიც კი, როგორიც მაგალითად ვერონაა. ვერონული დერბი არაფრით ჩამოუვარდება სხვებს.

როდესაც საფეხბურთო დერბებზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება დაგვავიწყდეს არგენტინა, სადაც “ბოკა ხინიორსისა“ და “რივერ პლეიტის“ დიადი დერბი არის ის, რის გამოც უყვართ ადამიანებს ფეხბურთი და რის გამოც არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში ფეხბურთი კიდევ მრავალი წელი სპორტის უპირველესი სახეობა იქნება. ბაირესული დერბი არის სანახაობა, ინტრიგა, ემოცია და რაც მთავარია ნოსტალგიური გახსენება იმ დროისა, როდესაც ფეხბურთი მხოლოდ ფეხბურთი იყო და დიდ ფულს სანახაობა ჯერ კიდევ ვერ დაეჩრდილა.

დერბები მაგარი რამეა!

0.114412