ავტოსპორტი

23:17 | 21.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლეკლერმა ზედიზედ მესამე პოული მოიპოვა

„ფერარის“ შარლ ლეკლერის გამარჯვებით დასრულდა სინგაპურის დიდი პრიზის საკვალიფიკაციაო რბოლა. 21 წლის მონაკოელმა ზედიზედ მესამე, კარიერაში კი მეხუთე პოულ პოზიცია მოიპოვა და კვირის რბოლაში, ზედიზედ მესამე გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

ლეკლერმა პოულიდან გამარჯვება წინა ორ რბოლაში - ბელგიის და იტალიის დდ პრიზებზე მოიპოვა. სინგაპურის ღამის კვალიფიკაციაში მან 0.191 წამით აჯობა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონ ლუის ჰამილტონს, ვინც რბოლას წინა რიგიდან დაიწყებს. მესამე ადგილს ლეკლერის თანაგუნდელი, სებასტიან ფეტელი დასჯერდა, რომელმაც ბოლო სწრაფი წრე არ დაასრულა.

„შეხედეთ დროს, ამ წრეზე მანქანაზე კონტროლი სამჯერ კინაღამ დავკარგე. აქ რომ ჩამოვედით, ვიცოდით, რომ ჩვენთვის რთულ ტრეკზე რბოლა გველოდა. მაგრამ გუნდმა შესანიშნავად იმუშავა და ის პაკეტი მოამზადა, რაც გვჭირდებოდა. რამდენიმე სიახლე გვაქვს, რამაც კარგად იმუშავა. პარასკევი რთული იყო, მაგრამ ბევრი ვიმუშავეთ და ამან შედეგი მოგვცა“, - განაცხადა ლეკლერმა.

საინტერესოა, რომ სინგაპურის წინა 11 დიდი პრიზიდან, 8 პოულიდან არის მოგებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ლეკლერს ზედიზედ მესამე გამარჯვების მოპოვების რეალური შანსი ექნება.

ჰამილტონი, ვინც ჩემპიონატს 63-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, მეორე შედეგითაც კმაყოფილი დარჩა. „მე არ ვიცი, ფერარიმ სად მოუმატა. ეს მათთვის ხელსაყრელ ტრასად არ ითვლება. მაგრამ ფაქტია, რომ მათ შესანიშნავად იმუშავეს. ორჯერ მაინც, კედელთან შეჯახების რეალური შანსი მქონდა“, - განაცხადა ჰამილტონმა, ვისაც სინგაპურში რბოლა ოთხჯერ აქვს მოგებული.

სინგაპურის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1:36.217
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:36.408
  3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:36.437
  4. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:36.813
  5. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:37.146
  6. ალექს ალბონი (ტაილანდი, ტორო როსო) 1:37.411
  7. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 1:37.818
  8. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 1:38.095
  9. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1:38.264
  10. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:38.329
  11. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 1:38.620
  12. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1:38.697
  13. პიერ გასლი (საფრანგეთი, რედ ბული) 1:38.699
  14. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1:38.858
  15. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:39.650
  16. დანიილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1:39.957
  17. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 1:39.979
  18. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:40.277
  19. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1:40.867
  20. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, უილიამსი) 1:41.186
0.109619