ჭიდაობა

15:04 | 21.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ლომთაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია!

ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში, საქართველოს მეორე ფინალისტი ჰყავს - ბექა ლომთაძე (61 კგ). ყველაზე წარმატებულად შეჯიბრის მესამე დღეს სწორედ მან იასპარეზა და ოქროს მედლის მოპოვების შანსი აქვს.

61 კგ წონით კატეგორიაში ქართველი ფალავანი ნახევარფინალში ჩვენებური ინდოელ რაჰულ ბალასაჰებ ავარეს დაუპირისპირდა და უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა. ბექა მეტოქეს 8:1-ს ამარცხებდა, მაგრამ მატჩის მიწურულს დაღლა დაეტყო და ინდოელმა სხვობა შეამცირა - 8:6. მიუხედავად ამისა, ბრძოლის დასრულებამდე წამებით ადრე ლომთაძემ ორქულიანი გდება შეასრულა და 10:6 იმარჯვა. ხვალ, ქართველი ფინალში რუს მაგომედრასულ იდრისოვს დაეჭიდება. აქვე ბექას განვლილი გზა ფინალამდე - მერვედფინალში მოლდოველ მიჰაი ესანუს აშკარა უპირატესობით 10:0 აჯობა, ხოლო მომდევნო ეტაპზე ამერიკელ ტაილერ გრაფთან ბრძოლაში 3:1 იმარჯვა. ლომთაძე მატჩის დასრულებამდე წუთითა და 20 წამით ადრე 0:1 მარცხდებოდა, მაგრამ დარჩენილ დროში გამარჯვების ქულები მოიპოვა.

ვთქვათ, რომ დღესვე 97 კგ წონით კატეგორიაში ნახევარფინალამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა ელიზბარ ოდიკაძეს. ქართველი ფალავანი თავიდან ირანელ ალი ხალილი შაბანიბენგარს გაუმკლავდა (11:8), მაგრამ მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ შარიფ შარიფოვთან 0:6 წააგო. ოდიკაძემ რეპეშაჟში გადაინაცვლა, რადგან შარიფოვმა ფინალს უწია. ქართველი ფალავანი სამხრეთ კორეელ მინვონ სეოსა და უკრაინელ ვალერი ანდრიიცევს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება და აღნიშნული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში ბრინჯაოს მედლისთვის ამერიკელ ფრედერიკ სნაიდერს შეხვდება.

79 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობას გამოეთიშა ნიკა კენჭაძე, რომელმაც პირველივე დაპირისპირება წააგო სომეხ გრიგორ გრიგორიანთან - 6:7. კენჭაძემ ჩინებულად დაიწყო და 6:0 დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ თავისივე ილეთს წამოეგო და წმინდად დამარცხდა. ნიკას ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსიც დაკარგული აქვს, რადგან სომეხმა ფინალში გასვლა ვერ მოახერხა.

86 კგ წონით კატეგორიაში სანდრო ამინაშვილმა თავდაპირველად ბერძენ გეორგიოს სავოლიდისს ადვილად 9:0 კი აჯობა, მაგრამ 1/16 ფინალში უზბეკ ჯავრალ შაფიევთან თავად დამარცხდა (3:6) და ასპარეზობას გამოეთიშა, რადგან უზბეკი მერვედფინალში ვერაფერს გახდა და სანდრომ რეპეშაჟში გადანაცვლების შანსიც დაკარგა.

აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს სამი მედლის მოპოვების შანსი აქვს. გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ფინალში თურქ ტაჰა აკგულს დაუპირისპირდება. ზურაბ იაკობიშვილმა რეპეშაჟის წრე წარმატებით დაძლია და ბრინჯაოს მედლისთვის პოლონეთის სახელით მოასპარეზე მაგოდმურად გაჯიევს შეხვდება, ხოლო ასევე მესამე ადგილისთვის იჭიდავებს ირაკლი მწითური (92 კგ), რომლის მეტოქე ყაზახი ნურგალი ნურგაიპული იქნება. ფინალური ბლოკი 16:00 საათიდან დაიწყება.

0.133839