ისტორია

9:54 | 19.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

19 სექტემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1922. დაიბადა ემილ ზატოპეკი. ლეგენდარული ჩეხოსლოვაკიელი მძლეოსანი. გამოდიოდა 5 და 10 კილომეტრზე რბენასა და მარათონულ დისტანციებზე. ლონდონის 1948 წლის ოლიმპიური თამაშები მოიგო 10 კილომეტრზე რბენაში და ვერცხლი მოიპოვა 5 კილომეტრზე რბენისას. ტრიუმფულად იასპარეზა 1952 წელს ჰელსინკის ოლიმპიადაზე. ზატოპეკმა ფინეთის დედაქალაქში 5 და 10 კილომეტრზე, აგრეთვე, მარათონული გარბენი მოიგო. 5 და 10 კილომეტრზე რბენაში მოპოვებული აქვს ევროპის ჩემპიონატების ოქროს ორ-ორი მედალი. ემილ ზატოპეკი 2000 წელს გარდაიცვალა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1912. ჰოლანდიაში დაარსდა საფეხბურთო კლუბი ”ბრედა”.
1926. მილანში გაიხსნა საფეხბურთო სტადიონი “სან სირო”. ერთმანეთს “მილანი” და “ინტერი” ხვდებოდნენ. ტრიბუნები 26 ათას მაყურებელს იტევდა, მაგრამ “მადონინად” წოდებული დერბის სანახავად 35 ათასი გულშემატკივარი შეიკრიბა. მატჩი “ინტერის” მოგებით, 6:3 დასრულდა. თავდაპირველად, “სან სირო” “მილანის” საშინაო ასპარეზი იყო, “ინტერმა” კი ამ არენაზე გუნდების მიღება 1947 წლიდან დაიწყო.
1937. უნგრეთის საფეხბურთო ნაკრების ფორვარდმა დიერდ შაროშიმ, ჩეხოსლოვაკიის ეროვნულ გუნდს შვიდი გოლი გაუტანა. მატჩი უნგრელებმა 8:3 მოიგეს.
1971. თბილისის ”დინამომ”, ერევნის საერთაშორისო ოთხთა ტურნირში, პოლონეთის ბიტომის ”პოლონიას” დამატებით დროში 4:2 მოუგო. ქართველთაგან გოლები დავით ყიფიანმა (2), მანუჩარ მაჩაიძემ და ფირუზ რეხვიაშვილმა გაიტანეს. ”დინამო”: სტეფანია, პეტრიაშვილი, ჭელიძე, კანთელაძე, ხინჩაგაშვილი, მჭედლიშვილი, გავაშელი, მ. მაჩაიძე, ყიფიანი, რეხვიაშვილი, გუცაევი. გუნდს გავრიილ კაჩალინი წვრთნიდა.
1973. თბილისის ”დინამომ”, უეფას თასის ოცდამეთორმეტედფინალის პირველ მატჩში, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიას ”სლავიას” 4:1 მოუგო. თბილისის ”ლოკომოტივის” სტადიონზე, შეხვედრას 28 ათასი მაყურებელი დაესწრო. ქართველთაგან გოლები გივი ნოდიამ, გოჩა გავაშელმა, ლევან ნოდიამ და მანუჩარ მაჩაიძემ გაიტანეს. ”დინამო”: გოგია, ებრალიძე, კანთელაძე, ჭელიძე (ხიზანიშვილი), ხინჩაგაშვილი, გავაშელი, მ. მაჩაიძე, ასათიანი, გუცაევი, გ. ნოდია, ლ. ნოდია. გუნდს ალექსანდრე კოტრიკაძე წვრთნიდა.
1988. ლეგენდარულმა ამერიკელმა წყალში მხტომელმა გრეგ ლუგანისმა სეულის ოლიმპიადის მსვლელობისას თავი ტრამპლინის ბორტს ჩამოარტყა, ტრავმა მიიღო და ასპარეზობის გაგრძელება ვერ მოახერხა.
1992. უკრაინელმა მძლეოსანმა სერგეი ბუბკამ, ტოკიოში მიმდინარე შეჯიბრებაზე, სიმაღლეზე ჭოკით ხტომაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (613 სმ).
1992. მადრიდის “რეალის” შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა რაულ გონსალეს ბლანკოს.
2000. რუსმა ჩოგბურთელმა ანა კურნიკოვამ, მაიამიში, 5 მილიონ დოლარად სახლი იყიდა.
2003. უკრაინის საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად ოლეგ ბლოხინი დაინიშნა.
2006. ჩერნოგორიაში დასრულებულ ახალგაზრდა მოჭადრაკეთა ევროპის ჩემპიონატის 12 წლამდე ასაკის გოგონათა ტურნირში, მერი არაბიძემ პირველობა მოიპოვა.
2007. ბაქოში დასრულდა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში, ქართველებმა ბედინაძის და ნოზაძის მიერ მიღწეული გამარჯვებებით, აგრეთვე ხასაიას მიერ მოპოვებული ბრინჯაოს წყალობით იმარჯვეს.
2007. ტოკიოს ბაშოზე, კოკაიმ დასავლეთის მეექვსე მაეგაშირა, კაიჰო დაამარცხა.


ამ დღეს დაიბადნენ
1922. ემილ ზატოპეკი. ლეგენდარული ჩეხოსლოვაკიელი მძლეოსანი. გამოდიოდა 5 და 10 კილომეტრზე რბენასა და მარათონულ დისტანციაზე. ლონდონის 1948 წლის ოლიმპიური თამაშები მოიგო 10 კილომეტრზე რბენაში და ვერცხლი მოიპოვა 5 კილომეტრზე რბენისას. ტრიუმფულად იასპარეზა 1952 წელს ჰელსინკის ოლიმპიადაზე. ზატოპეკმა ფინეთის დედაქალაქში 5 და 10 კილომეტრზე, აგრეთვე, მარათონული გარბენი მოიგო. 5 და 10 კილომეტრზე რბენაში მოპოვებული აქვს ევროპის ჩემპიონატების ოქროს ორ-ორი მედალი. ემილ ზატოპეკი 2000 წელს გარდაიცვალა.
1922. დანა ზატოპეკი (ინგროვა). ჩეხოსლოვაკიელი მძლეოსანი. შუბის ტყორცნაში ჰელსინკის 1952 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 1960 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი. 1954 და 1958 წლებში გახდა ევროპის ჩემპიონი. დამყარებული აქვს მსოფლიოს რეკორდი. ემილ ზატოპეკის მეუღლე.
1936. ალფრედ ოერტერი (ალფრედ ადოლფ ოერტერი). ამერიკელი მძლეოსანი. უნიკალური შედეგის მფლობელი. ბადროს ტყორცნაში ზედიზედ ოთხჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი (1956, 1960, 1964, 1968). 1959 წელს მოიგო პანამერიკული თამაშები.
1939. ჟორჟე მენდონკა. ანგოლური წარმოშობის პორტუგალიელი ჰავბეკი. გამოდიოდა ლისაბონის “სპორტინგში”, მადრიდის “ატლეტიკოში”, “ბარსელონასა” და “მალიორკაში”. მოპოვებული აქვს თასების და ესპანეთის თასები, ესპანეთის ჩემპიონობა.
1947. იოზეფ მოდერი. 1970-იანი წლების ჩეხოსლოვაკიის ნაკრების ნახევარმცველი. ევროპის 1976 წლის ჩემპიონი. ჩეხოსლოვაკიის ნაკრების რიგებში ჩაატარა 17 მატჩი, გაიტანა 3 გოლი. მოპოვებული აქვს ჩეხოსლოვაკიის თასი.
1947. მაიკლ ბეიტსი. 1965-76 წლებში იცავდა “ლიდს იუნაიტედის” ღირსებას. ორჯერ მოიპოვა ბაზრობათა თასი. ინგლისის ორგზის ჩემპიონი და საფეხბურთო ასოციაციის თასის მფლობელი.
1948. ნადეჟდა ტკაჩენკო. საბჭოთა მძლეოსანი. ხუთჭიდში 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
1949. ანატოლი კონკოვი. საბჭოთა კავშირის ნაკრების, დონეცკის ”შახტიორისა” და კიევის ”დინამოს” ნახევარმცველი. 1972 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი. 1975 წლის თასების მფლობელთა თასისა და სუპერთასის მფლობელი. 1976 წლის ოლიმპიადის პრიზიორი. საბჭოთა კავშირის ნაკრებში ჩაატარა 47 მატჩი, გაიტანა 8 გოლი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და თასის მფლობელი.
1951. კაზიმეჟ კმეციკი. პოლონეთის ნაკრებისა და კრაკოვის “ვისლას” ფორვარდი. 1972 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. მსოფლიოს 1974 წლის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი. პოლონეთის ჩემპიონი. სამჯერ გახდა პოლონეთის ჩემპიონატების საუკეთესო გოლეადორი. “ვისლას” ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. მოპოვებული აქვს საბერძნეთის პირველობაც.
1960. ჟოზე მოზერი. 1983-94 წლებში ბრაზილიის ნაკრების მცველი. მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ბრაზილიის ნაკრებში ჩაატარა 32 მატჩი. საკლუბო დონეზე მოპოვებული აქვს ლიბერტადორესისა და საკონტინენტთაშორისო თასები. ბრაზილიის ორგზის ჩემპიონი. “მარსელის” შემადგენლობაში სამჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი. ლისაბონის “ბენფიკას” რიგებში გამოსვლისას გახდა პორტუგალიის ჩემპიონი.
1963. დევიდ ენდრიუ სიმენი. ”ბირმინგემ სიტის”, ”ქუინზ პარკის”, ”არსენალისა” (1990-2003) და ”მანჩესტერ სიტის” გოლკიპერი. 1988-2002 წლებში იყო ინგლისის ნაკრების მეკარე. ნაკრებში ჩატარებული აქვს 75 მატჩი. სამი მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე. თასების თასის მფლობელი (1994). უეფას თასის გათამაშების ფინალისტი. ინგლისის სამგზის ჩემპიონი (1991, 1998, 2002). ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის მფლობელი (1993, 1998, 2002, 2003). საკლუბო დონეზე ჩაატარა 731 მატჩი.
1967. ალექსანდრ კარელინი. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში სამგზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1988, 1992, 1996) და ვერცხლის მედლის მფლობელი. მსოფლიოს ცხრაგზისა და ევროპის თორმეტგზის ჩემპიონი. დაჯილდოებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენით (2001) და ფილას “ოქროს მედლით” (2002).
1969. კონსტანტინე ცზიუ. კორეული წარმოშობის ავსტრალიაში მცხოვრები რუსი მოკრივე. მსოფლიოს ექსჩემპიონი.
1970. სონი ანდერსონი. ბრაზილიის ნაკრების, “ვასკო და გამას”, “გუარანის”, “სერვეტის”, “მარსელის”, “მონაკოს”, “ბარსელონას”, ”ლიონის”, “ვილიარეალის” თავდამსხმელი. ბრაზილიის ჩემპიონი. საფრანგეთის სამგზის ჩემპიონი. ესპანეთის ორგზის ჩემპიონი. ესპანეთის “სამეფო თასის” მფლობელი. შვეიცარიის ჩემპიონი. სამჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. ბრაზილიის ნაკრებში ჩაატარა 6 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი.
1980. დიმიტრი იაშვილი. საფრანგეთის მორაგბეთა ნაკრების, ინგლისური “გლოსტერისა” (2001-02) და “ბიარიცის” (2002 წლიდან) მოთამაშე. იყო საფრანგეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი. მისი ძმა გრეგუარ იაშვილი, საქართველოს ეროვნულ გუნდში თამაშობდა.
1982. ელენა ზამოლოდჩიკოვა. რუსი ტანმოვარჯიშე. სპორტულ ტანვარჯიშში 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ბჯენით ხტომებსა და თავისუფალ ვარჯიშში. გუნდურ ჩათვლაში 2000 და 2004 წლების ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლების მფლობელი.

0.117247