ფეხბურთი

1:04 | 18.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

19 წლის ფორვარდის ბრწყინვალე დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე: ჰეთ-თრიქი და სეზონში 17 გოლი!

ჩემპიონთა ლიგა ავსტრიული „ზალცბურგისა“ და ერლინგ ჰოლანდის ბენეფისით დაიწყო. ნორვეგიელმა ფეხბურთელმა ბელგიურ „გენკთან“ ჰეთ-თრიქი შეასრულა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საოცრად ნიჭიერია.

ჰოლანდმა მე-2, 34-ე და 45-ე წუთებზე მოახერხა „გენკის“ დამწუხრება და ისტორიაში შევიდა. საქმე ისაა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ჰქონდა და ისტორიაში მეშვიდე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ამ ტურნირზე ჩატარებულ პირველი მატჩში სამი გოლი გაიტანა. მანამდე იგივე მარკო ვან ბასტენს (28 წლის ასაკში, 1992 წელს), ფაუსტინო ასპრილიას (27 წლის ასაკში, 1997 წელს), იაკუბუ აიეგბენის (2002 წელს, 19 წლის ასაკში), ვინჩენცო იაკუინტას (2005 წელს, 25 წლის ასაკში), გრაფიტეს (2009 წელს, 30 წლის ასაკში), იასინ ბრაჰიმის (2014 წელს, 24 წლის ასაკში) ჰქონდა გაკეთებული. ბარემ მეტი თვალსაჩინოებისთვის გეტყვით, რომ იგულისხმება უშუალოდ ჩემპიონთა ლიგა, რომელიც 1992 წლიდან ტარდება.

გარდა ამისა, ჰოლანდი რიგით მესამე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა (19 წლისა და 58 დღის), რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ-თრიქი შეასრულა. ამ კუთხით ისეთ ლეგენდებს ჩამორჩა, როგორებიც რაული (18 წლისა და 113 დღის, 1995 წელს) და უეინ რუნი (18 წლისა და 340 დღის 2004 წელს). აქვე იმასაც გეტყვით, რომ "გენკთან" სკანდინავიელმა 72 წუთი ითამაშა, კარში სამჯერ დაარტყა და შესაბამისად, 100%-იანი მაჩვენებლი დააფიქსირა.

საერთოდაც, ნორვეგიელისთვის სეზონი საოცრად დაიწყო და ყველა ტურნირის ჩათვლით 9 მატჩში 17 გოლი აქვს გატანილი, რაც ბუნებრივია საოცარი შედეგია. ამასთან, ხსენებულ პერიოდში ოთხი საგოლე პასიც მითვლილი აქვს.

ავსტრიის ბუნდესლიგა - 7 მატჩი, 11 გოლი

ავსტრიის თასი - 1 მატჩი, 3 გოლი

ჩემპიონთა ლიგა - 1 მატჩი, 3 გოლი

ცნობისთვის გეტყვით, რომ ერლინგ ჰოლანდი პირველად არ მოხვედრილა ყურადღების ცენტრში. 30 მაისს, მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატზე ნორვეგიისა და ჰონდურასის შეხვედრაში, რომელიც სკანდინავიელებმა 12:0 მოიგეს, 9(!) გოლი გაიტანა და ცხადია, მაშინაც რეკორდი დაამყარა.

ბოლოსკენ, ისიც ვთქვათ, რომ „ზალცბურგმა“ მისთვის ერთობ ნანატრ (რამდენიმე წლიანი მცდელობის შემდეგ ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა) პირველივე შეხვედრაში „გენკი“ 6:2 გაანადგურა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114049