ფეხბურთი

18:32 | 16.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

16 წლის მატჩის გმირი - "საბურთალომ" ქულები დაკარგა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 22-ე ტურის გადადებული შეხვედრა თბილისის „საბურთალოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შორის დღეს გაიმართა.

ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი თამაში იყო, თუმცა მეტწილად მაინც მასპინძლებისთვის, რადგან გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი საჩემპიონო რბოლაშია ჩაბმული და ახლა, როდესაც სეზონის დასრულებამდე არც ისე ბევრი დარჩა, თითოეული ქულა ძვირად ფასობს.

თუმცა, „საბურთალომ“ 16 წლის დავით ასათიანის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო. ასათიანი „ტორპედოს“ მეკარეა, რომელსაც დებიუტი წინა ტურში „ჩიხურასთან“ ჰქონდა, ახლა კი მეორედ მოუწია ტრავმირებული როინ კვასხვაძის შეცვლა. თინეიჯერმა კიპერმა ჩინებული შეხვედრა ჩაატარა ჩემპიონთან და საკუთარი გუნდი არაერთხელ გადაარჩინა.

თუმცა კი, პირველი ტაიმის მიწურულს ბურთი ვერ შეიმაგრა ხელში და მასპინძლებმა გაიტანეს. მაგრამ მსაჯმა მეკარეზე თავდასხმა დააფიქსირა და გოლი გააუქმა. ძნელი სათქმელია იყო თუ არა წესის დარღვევა. ამ ეპიზოდზე ყურადღებას იმიტომ ვამახვილებთ, რომ „ტორპედომ“ საპასუხო იერიში დაიწყო, რომელიც უკვე „საბურთალოს“ კარის აღებით დასრულდა. თბილისლებმა დაცვაში საშინლად ითამაშეს და მოსიაშვილის დარტყმამ მიზანს მიაღწია.

„საბურთალომ“ ბუნებრივია მეორე ტაიმში წეზოლა გააძლიერა, მაგრამ ოდენ 79-ე წუთზე გაათანაბრა. გრიგოლ ჩაბრაძის ჩაწოდების შემდეგ მარცხენა მცველს ხელი ვერავინ შეუშალა. ბოოს ჭიაბრიშვილის გუნდს მოგებაც შეეძლო, მაგრამ 90-ე წუთზე პენალტი ვერ გაიტანა. ოგნიენ როლოვიჩს 16 წლის მატჩის გმირმა ასათიანმა აჯობა და ქუთათურებს ქულა მოუტანა.

შედეგად, სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში ძალზე დაძაბული ვითარებაა. ბათუმის „დინამოს“ 55 ქულა აქვს, „დინამო თბილისს“ 54, „საბურთალოს“ – 51. თბილისურ გუნდებს თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული, რომელსაც სხვათა შორის ერთმანეთის წინააღმდეგ გამართავენ.

„საბურთალო“ – „ტორპედო“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 მოსიაშვილი (45), 1:1 ლაკვეხელიანი (79)

0.150112