კალათბურთი

18:06 | 13.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

39 წლის ლუის სკოლას წარმოდგენა და არგენტინა ფინალშია!

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ორივე ფინალისტი ცნობილია. ესპანეთის ნაკრების არგენტინა შეუერთდა, რომელმაც ნახევარფინალში საფრანგეთი დიდებულ სტილში დაამარცხა.

სერხიო ერნანდესის გუნდის უპირატესობა პირველივე წუთებიდან გამოიკვეთა და სამხრეთ ამერიკელებმა საფინალო სირენამდე ჩინებული კალათბურთი ითამაშეს. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ არგენტინამ მეტოქეს ოთხივე პერიოდი მოუგო და საბოლოო ჯამში 80:66 იმარჯვა.

საფრანგეთის ნაკრებმა კი, აშშ-სთან გამარჯვების შემდეგ ვერ მოახერხა მობილიზება. როგორც ჩანს, ვინსენ კოლეს გუნდმა მთავარი ფავორიტის ძლევას დიდი ენერგია და უფრო მეტად მენტალობა შეალია. ფაქტია, „მამლები“ ნახევარფინალისთვის სათანადოდ ვერ განეწყვნენ და ამას ისიც დაერთო, რომ თამაში საერთოდ არ წაუვიდათ გუნდის ლიდერებს ევან ფურნიესა და რუდი გობერს. ორივემ ჯამში მხოლოდ 19 ქულა დააგროვა, გობერმა კი მხოლოდ - სამი.

სამაგიეროდ, ბრწყინავდა ლუის სკოლა. 39 წლის არგენტინელმა დიდებული მატჩი ჩაატარა და 34 წუთში საკუთარ გუნდს 28 ქულით 13 მოხსნითა და 2 პასით შეეწია. ბუნებრივია, მატჩის საუკეთესო მოთამაშეც სკოლა გახდა და თანაგუნდელებს ფინალში გაუძღვა.

არგენტინისა და ესპანეთის ფინალური შეხვედრა 15 სექტემბერს შედგება. იმავე დღეს, მესამე ადგილისთვის საფრანგეთი ავსტრალიის ნაკრებს გაეჯიბრება.

არგენტინა - საფრანგეთი 80:66 (21:18, 18:14, 21:16, 20:18) - მატჩის სტატისტიკა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.296913