კალათბურთი

1:14 | 13.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტაჩი: "ჩვენი მიზანი კარგი კალათბურთის თამაშია"

ქართული საკლუბო კალათბურთი ყოველთვის თბილისის დინამოსთან არის ასოცირებული. ამოდიან ახალი კლუბები, იგებენ ფინალებს სხვა ორგანიზაციები და მწვერვალზე მაინც დინამო რჩება. დარჩება. ასე არის. ასე იყო. ასე იქნება. დინამო სტაბილურობის, ხარისხის და ნდობის ნიშანია.

დღეს, დინამო იცვლება. ზაზა ფაჩულიას ახალი ხედვა აქვს და კლუბის საორგანიზაციო გეგმებში ბევრი ნოვატორული სვლა არის გათვალისწინებული. ერთ-ერთი - ახალი მთავარი მწვრთნელი.

რომელიც არის მაკედონიელი.

მუია ტაჩი. მკაცრი და დამთმობი. მომთხოვნი და ურყევი. უბრალოდ, პროფესიონალი. ეს ის თვისებები, რასაც ახალ მემანქანეში მოთამაშეები დაინახავენ. და ტაჩი გაცილებით ღრმა და საინტერესო პერსონაჟია.

გთავაზობთ ბლიცს დინამოს მწვრთნელთან.

საქართველოზე.

მუია ტაჩი: „საქართველო მომწონს. არის მსგავსებები ჩემს ქვეყანასთან. თბილი ხალხი, ლამაზი ქალაქი, გემრიელი საჭმელი. ვიცი, რომ როგორც კი ქვეყანას უკეთ გავიცნობ, სათქმელიც მეტი მექნება.“

ზაზა ფაჩულიასთან ურთიერთობაზე.

მ.ტ:“ზაზა დიდი ხნის წინ გავიცანი. ჩვენ გვაქვს იდენტური შეხედულება, რა მიმართულებით უნდა წავიდეს გუნდი და როგორ უნდა დაიწყოს ამ გუნდის შენება. ასევე, ემთხვევა ჩვენი აზრები თამაშის სტილზე. ერთმანეთის მშვენივრად გვესმის და ეს ყველას ეხმარება. ძალიან მარტივი იყო საერთო ენის გამონახვა არა მხოლოდ ზაზასთან. ასევე, შიოსთან (ხეცურიანი) და ბუბასთან (კვიმსაძე).“

საკუთარ კარიერაზე.

მ.ტ:“18 წელიწადი ვიყავი მოთამაშე და 2013 წლიდან ვარ მწვრთნელი. დავიწყე ახალგაზრდებით, მივიღე გამოცდილება მაკედონიაში, მოვიგეთ თითქმის ყველა ასაკობრივი ჩემპიონატი. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ისრაელში ახალი ეტაპი დავიწყე. ბევრი ვისწავლე პინი გერშონთან ერთად მუშაობით. ეტაპობრივად, წინ მივდიოდი და ყოველთვის მინდოდა დიდების გუნდის გაწვრთნა. ისრაელში კარგი პრაქტიკა გავიარე. მჯერა, რომ ეს დინამოში მუშაობის დროს დამეხმარება.“

ახალ სეზონზე.

მ.ტ:“როგორც იცით, გვეყოლება ახალგაზრდა გუნდი. ჩვენი მიზანი კარგი კალათბურთის თამაში და სუპერლიგაში მაღალი პოზიციის შენარჩუნებაა. აუცილებელია, რომ ახალგაზრდები გუნდისთვის შეუცვლელ წევრებად ჩამოყალიბდნენ და გაიგონ, რამდენად დიდი კლუბის წევრები გახდნენ.“

ახალ გამოწვევაზე.

მ.ტ:“გამოწვევებს ყოველთვის სიამოვნებით ვიღებ. საინტერესოა ახალგაზრდებთან მუშაობა. საინტერესოა გამოცდილებთან მუშაობა. მთლიანად ეს პროცესია საინტერესო. მეც ბავშვებთან, მოთამაშეებთან ერთად ვსწავლობ და ვცდილობ, რომ მნიშვნელოვანი დეტალები დავიჭირო.“

საყვარელი მწვრთნელი.

მ.ტ:“დევიდ ბლატი, გრეგ პოპოვიჩი, ანდრეა ტრინკიერი, ტოი ბენეტი.“

საყვარელი მოთამაშე.

მ.ტ:“მაიკლ ჯორდანი, კობი ბრაიანტი, დრაჟენ პეტროვიჩი.“

ბევრ კალათბურთს უყურებთ?

მ.ტ:“კალათბურთი ჩემი ცხოვრების ნაწილია. მე კალათბურთით დაავადებული ვარ. და არ ვცდილობ, განვიკურნო.“

ოჯახის ჩართულობა.

მ.ტ:“ეს ყველაზე სენსიტიური მომენტია. მინდა, რაც შეიძლება დიდი დრო გავატარო ოჯახთან, სიგიჟემდე მენატრება შვილები, მშობლები, მაგრამ ისინი აფასებენ იმ გზას, რომელიც ავირჩიე. და, იმედი მაქვს, რომ ხვდებიან - მეც განვიცდი ყველა იმ დღესასწაულს, მნიშვნელოვან დღეს, რომელსაც მათთან ერთად ვერ ვატარებ. ერთხელ ყველას დიდ, დიდ ბოდიშს მოვუხდი ამ გაცდენილი დროისთვის.“

კალათბურთი - სიყვარული თუ ბიზნესი?

მ.ტ:“სიყვარული, ლტოლვა, ჩემი ცხოვრება. კალათბურთის გარეშე ჩემი ცხოვრება ცარიელი, უფერული იქნება.“

საყვარელი მსახიობები, მუსიკოსები.

მ.ტ:“მელ გიბსონი, ჯეისონ სტეითემი. მომღერლებიდან - მაიკლ ჯექსონი, 2 Pac, უიტნი ჰიუსტონი, Artanet Band, რომელიც ჩემი ძმის შექმნილია.“

ყველაზე სასაცილო არის, ის, რომ...

მ.ტ:“ზოგს ჰგონია, რომ ლებრონ ჯეიმსი მაიკლ ჯორდანზე უკეთესია.“

როგორ გინდათ, რომ დაგიმახსოვრონ?

მ.ტ:“როგორც კარგი ადამიანი. მშრომელი, მზრუნველი. და, ასევე, როგორც კარგი მწვრთნელი.“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115186