კალათბურთი

18:55 | 11.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრალიამ ნახევარფინალი შეავსო

მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალური ეტაპი დასრულდა და შესაბამისად, ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია. საუკეთესო ოთხეული როგორც მოსალოდნელი იყო, ავსტრალის ნაკრებმა შეავსო, რომელმაც ჩეხეთი განსაკუთრებული პრობლემების გარეშე დაამარცხა - 82:70.

ჩეხებმა ფავორიტად შერაცხულ მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობა პირველ ტაიმში გაუწიეს და დიდ შესვენებაზე ავსტრალიელთა უპირატესობა მხოლოდ სამ ქულას შეადგენდა.

გარდამტეხი გამოდგა მესამე პერიოდი, რომელშიც ავსტრალიამ თავისი რეალური შესაძლებლობები გამოავლინა და მეტოქეს ხსენებულ ათწუთეულში 30:18 აჯობა. შედეგად, ბოლო მეოთხედის წინ ანდრეი ლემანისის გუნდის უპირატესობა 15 ქულა შეადგინა, რისი აღმოფხვრაც ჩეხეთის ნაკრების შესაძლებლობებს აღემატებოდა.

ავსტრალიელთა რიგებში პატი მილსი გამოირჩა 24 ქულით, 6 პასითა და 4 მოხსნით, ჩეხეთის ნაკრებში კი ყველაზე შედეგიანი 21 ქულით პატრიკ აუდა გამოდგა. აი, ტომაშ სატორანსკის ერთადერთი მოხსნა დააკლდა, რომ სამმაგი დუბლი შეესრულებინა და მატჩი 13 ქულით, 13 პასითა და 9 მოხსნით დაასრულა.

ნახევარფინალური მატჩები 13 სექტემბერს გაიმართება. ავსტრალია ესპანეთს, არგენტინა კი საფრანგეთს დაუპირისპირდება.

ავსტრალია - ჩეხეთი 82:70 (17:17, 16:13, 30:18, 19:22) - მატჩის სტატისტიკა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.273792