ჭადრაკი

22:17 | 9.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

მაია ჩიბურდანიძის საჭადრაკო აკადემია და თასი

დიდ დიღომში საზეიმოდ გაიხსნა მსოფლიოს ხუთგზის და საჭადრაკო ოლიმპიადების ცხრაგზის ჩემპიონის, ოთხი საჭადრაკო ოსკარის მფლობელის მაია ჩიბურდანიძის საჭადრაკო აკადემია.

გახსნის საზეიმო ცერემონიას დაესწრნენ ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი,ზურაბ აზმაიფარაშვილი,საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე, ლეგენდარული მოჭადრაკე ნანა ალექსანდრია, განათლების,კულტურის,ხელოვნების და სპორტის სამინისტროს-სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე და სხვები.

აკადემია დიდი დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს N32-ში ფუნქციონირებს და რაც მთავარია,- სწავლის პროგრამას ლეგენდარული ჩემპიონის საავტორო მიმართულება აქვს. აკადემიის ამოქმებების პირველ დღეებში საჭადრაკო ფესტივალი ‘მაიას თასიც’ გაიმართა (ეს ტურნირი ტრადიციულია და 2004 წლიდან ტარდება).

ფესტივალის ფარგლებში 4 ტურნირი ჩატარდა და მასში 5 ქვეყნის 150-მდე მოჭადრაკემ იასპარეზა. ოთხივე კატეგორიის ტურნირის ჯამური საპრიზო ფონდი 20 000 ლარს შეადგენდა.

A კატეგორიის ტურნირი საქართველოს ნაკრების ლიდერმა ბაადურ ჯობავამ მოიგო. მან 9-დან 7,5 ქულა დააგროვა. გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ და 7-7 ქულით II-VI ადგილები გაინაწილეს: ალექსანდრ ფიერმა (ბრაზილია),დავით მაღალაშვილმა,დავით ჯოჯუამ,ლევან ფანცულაიამ და ნიკა ვოლკოვმა.

B კატეგორიის ქალთა ტურნირში უძლიერესი იყო ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატი ბელა ხოტენაშვილი, რომელმაც 9 შესაძლებლიდან 8,5 ქულა მოაგროვა. თასის მფლობელს ნახევარი ქულით ჩამორჩა ნინო ხომერიკი, 7 ქულით მესამე ადგილზე სოფიკო ხუხაშვილი გავიდა.

C კატეგორიის ვაჟთა ტურნირის გამარჯვებული 7,5 ქულით დავით გასპარიანი გახდა, 7 ქულა მოაგროვა ნიკოლოზ შამათავამ, ხოლო 6-6 ქულით მესამე-მეხუთე ადგილები შესაბამისად გაიყვეს დენიელ საფაროვმა, თენგიზ თოიძემ და გიორგი გოგოლაშვილმა.

ამავე კატეგორიის 12 წლამდე გოგონათა ტურნირში 5.5-5,5 ქულა დააგროვეს ქრისტინე ხვადაგიანმა, ბარბარე ცირეკიძემ და ვერონიკა ტყეშელაშვილმა. უკეთესი კოეფიციენტის წყალობით ხვადაგიანი თასის მფლობელი გახდა.

გარდა ამისა, გაიმართა მედიატურნირიც. მასში 10 მონაწილე იყო და წრიული სისტემით ჩატარდა. 9 შესაძლებლიდან 8,5 ქულით ოთარ ჯირკვალაშვილი გახდა გამარჯვებული. მას 1,5 ქულით ჩამორჩა „მსოფლიო სპორტის“ წარმომადგენელი თენგიზ ჩობანიძე, ხოლო მესამე ადგილზე 6,5 ქულით გია მურღულია გავიდა.

გამარჯვებულებს და პრიზიორებს მაიას თასი და პრიზები გადაეცათ. ფესტივალის დახურვის საზეიმო ცერემონიალზე საქართველო ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ აღნიშნა რომ აკადემიის გახსნა მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული ჭადრაკის ისტორიაში და ის ბევრ ნიჭიერ მოჭადრაკეს გაუზრდის საქართველოს.

0.130938