კალათბურთი

10:53 | 9.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

3X3 U18 ევროპის თასის გათამაშება ლიეტუვისა და ესპანეთის გამარჯვებით დასრულდა

3X3 U18 ევროპის თასის გათამაშება, რომელსაც თბილისმა პირველად უმასპინძლა, ლიეტუვისა და ესპანეთის გამარჯვებით დასრულდა. სწორედ ამ ქვეყნებმა მოიპოვეს ჩემპიონატის ოქროს მედლები: ვაჟებში – ლიეტუვამ, ხოლო გოგონებში – ესპანეთმა.

ევროპის თასის დასკვნით დღეს გაიმართა პლეიოფის შეხვედრები, რომლებიც საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. რამდენიმე მატჩში გამარჯვებულის გამოვლენას დამატებითი დრო დასჭირდა. პლეიოფის მატჩები წარმატებით დაძლიეს და ფინალში გავიდნენ ესპანეთისა და გერმანიის გოგონათა ნაკრებები, ხოლო ვაჟებში საჩემპიონო შეხვედრაში ასპარეზობის უფლება ლიეტუვამ და საფრანგეთმა მოიპოვეს.

ორივე ფინალურ მატჩში რიყის პარკში შეკრებილმა მაყურებელმა უშეღავათო ბრძოლა იხილა. თავდაპირველად ჩემპიონი გოგონებში გამოვლინდა. ესპანეთმა დაძაბულ ბრძოლაში 17:16 დაამარცხა გერმანიის ნაკრები, ხოლო ვაჟთა ფინალში ლიეტუვამ საფრანგეთს 21:14 მოუგო.

დაჯილდოების ცერემონიალმა სავსე ტრიბუნებისა და მაყურებელთა ოვაციების ფონზე საკმაოდ ემოციურად და შთამბეჭდავად ჩაიარა. ღონისძიება პრიზების გადაცემით და ულამაზესი საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა. ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოეს ფიბა-ევროპის აღმასრულებელმა დირექტორმა – კამილ ნოვაკმა, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა – პაატა გურასპაულმა და გენერალურმა მდივანმა – გიორგი ქართველიშვილმა, ასევე 3X3 კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა – გიგა გურგენიძემ.

ევროპის თასი ჩატარდა კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის – FIBA-ს ეგიდით. ღონისძიებას ორგანიზება გაუწია საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ, საქართველოს 3X3 კალათბურთის ფედერაციამ და 3X3 კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ადგილობრივმა საორგანიზაციო კომიტეტმა. ევროპის თასი თბილისში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

დაჯილდოების ცერემონიალი

ტურნირის საუკეთესო მოთამაშე (MVP)

3X3 კალათბურთში ევროპის თასის საუკეთესო მოთამაშე გოგონა გახდა ესპანელი მარტა გარსია, ხოლო ბიჭი – ლიეტუველი გაბრიელიუს ჩელკა. ისინი ტურნირის სიმბოლურ მოთამაშეებთან – ალექსანდრა ანდრიუშენკოსთან, ლაურა ზოლპერთან, ომერ ზადეჰთან და საია პლაკოსტესთან ერთად მედლებითა და სიმბოლური პრიზებით საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა – გიორგი ქართველიშვილმა დააჯილდოვა.

მესამე ადგილი

3X3 კალათბურთში ევროპის თასის მე-3 ადგილოსანი გუნდები გახდნენ რუსეთი (გოგონები) და ისრაელი (ბიჭები), რომლებსაც ბრინჯაოს მედლები გადასცა 3X3 კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა – გიგა გურგენიძემ.

მეორე ადგილი

მე-2 ადგილოსანი გუნდები გახდნენ გერმანია (გოგონები) და საფრანგეთი (ბიჭები), რომლებსაც ვერცხლის მედლები გადასცა 3X3 კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა – გიგა გურგენიძემ.

პირველი ადგილი

3X3 კალათბურთში ევროპის თასის ჩემპიონი გუნდები გახდნენ ესპანეთი (გოგონები) და ლიეტუვა (ბიჭები), რომლებიც ოქროს მედლებით დააჯილდოვეს ფიბა-ევროპის აღმასრულებელმა დირექტორმა კამილ ნოვაკმა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა.

საჩემპიონო თასის გადაცემა

ჩემპიონ გუნდებს ესპანეთს და ლიეტუვას საჩემპიონო თასები გადასცა ფიბა-ევროპის აღმასრულებელმა დირექტორმა კამილ ნოვაკმა.

GBF.GE

0.124532