ფეხბურთი

2:22 | 2.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკოს" ქამ-ბექი და "რეალის" გადარჩენილი ქულა

ესპანეთის ლა ლიგაში მადრიდის „ატლეტიკომ“ უპირატესობა გაზარდა და გათამაშებას ერთპიროვნულად, თანაც უდანაკარგოდ ლიდერობს.

„როხიბლანკო“ „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ „ეიბარს“ დაუხვდა და ვერავინ წარმოიდგენდა ისეთი დასაწყისი ჰქონდა ამ შეხვედრას. მე-19 წუთისთვის მასპინძლები ორბურთიანი სხვაობით აგებდნენ და ეს ნიშნავდა, რომ მეტად რთულ მდგომარეობაში იყვნენ. საინტერესოა, რომ „ატლეტიკომ“ საწყის 20 წუთში 2 გოლი დიეგო სიმეონეს ხელში პირველად გაუშვა. მიუხედავად ამისა, მადრიდული გუნდი არ დანებებულა და შემდეგ თამაშის სადავეები სრულად ხელთ იგდო. ჟოაო ფელიშმა პირველივე ტაიმში შემაცირა სხვაობა და სადებიუტო გოლი გაიტანა. სხვათა შორის, ის გახდა 21-ე საუკუნეში ყველაზე ახალგაზრდა პორტუგალიელი (19 წლის), რომელმაც ლა ლიგაში გოლი გაიტანა. მეორე ნახევარის სტარტზე „ატლეტიკომ“ გაათანაბრა კიდეც. ამჯერზე თავი ვიტოლომ გამოიჩინა. „ეიბარი“ ბოლო წუთამდე კბილებით იცავდა ქულას, მაგრამ ტომას პარტეი გაეპარათა და განელმა თავისიანებს მოაგებინა. ვთქვათ, რომ 2009 წლის მაისის შემდეგ („ესპანიოლთან“) „ატლეტიკომ“ პირველად მოიგო თამაში, რომელსაც 0:2-ს აგებდა. მადრიდელებს 9 ქულა აქვთ და სამი ტურის თავზე ლა ლიგაში ერთადერთი უდანაკარგო გუნდია.

სამაგიეროდ, ქულებს ანიავებს „რეალი“. ზინედინ ზიდანის გუნდს ედენ აზარის გარეშე ძალიან უჭირს და ბელგიელი ამჯერადაც ვერ დაეხმარა ახალ გუნდს. „სამეფო კლუბმა“ „ვილიარეალთან“ არათუ გამარჯვება ვერ მოიპოვა, არამედ ქულის გადარჩენისთვის გვარიანი ბრძოლა მოუწია. ჟერარდ მორენოს დასაწყისშივე გატანილი გოლი გარეთ ბეილმა 45-ე წუთზე დიდებული კომბინაციის წყალობით გაქვითა, მაგრამ მეორე ნახევარში „ყვითელი სუმბარინა“ ისევ დაწინაურდა, მოი გომესის გოლით. „ბლანკოსს“ მშველელეად ისევ ბეილი მოევლინა, რომლმაც დუბლი შეასრულა 86-ე წუთზე და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ცოტა ხანში უელსელმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გასახდელს გზასაც გაუდგა. სხვათა შორის, ბეილი 21-ე საკუნეში „რეალის“ მეორე ფეხბურთელი გახდა, რომელიც იმ მატჩში გააძევეს, რომელშიც დუბლი შეასრულა. მანამდე, 2010 წლის თებერვალში იგივე კრიშტიანუ რონალდუს გადახდენია თავს. ასე იყო თუ ისე, „რეალის“ ზედიზედ მეორე ფრე და ოდენ 5 ქულა სამი ტურის თავზე, რაც ცხადია მომხიბვლელი შედეგი სულაც არაა.

„ვალენსიამ“ „მესტალიაზე“ „მალიორკა“ მიიღო და კაპიან დანი პარეხოს გატანილი ორი პენალტით ახალ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ასევე პირველად მოიგო „გრანადამ“, რომელმაც ბარსელონაში, „ესპანიოლისგან“ ქვა ქვაზე არ დატოვა და სამი უპასუხო გოლი გაუტანა.

„ვალენსია“ – „მალიორკა“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 პარეხო (43, პენ), 2:0 პარეხო (57, პენ)

„ატლეტიკო“ – „ეიბარი“ 3:2 (1:2)

გოლები: 0:1 ჩარლესი (7), 0:2 არბილია (19), 1:2 ჟოაო ფელიში (27), 2:2 ვიტოლო (52), 3:2 პარტეი (90)

„ესპანიოლი“ – „გრანადა“ 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 პუერტასი (13), 0:2 ფერნანდესი (68), 0:3 რამონი (74)

„ვილიარეალი“ – „რეალი“ 2:2 (1:1)

გოლები: 1:0 მორენო (12), 1:1 ბეილი (45), 2:1 გომესი (74), 2:2 ბეილი (86)

თეგებილა ლიგა
0.118476