ავტოსპორტი

23:52 | 1.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლეკლერმა ფორმულა 1-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა

„ფერარის“ მონაკოელმა ახალბედა შარლ ლეკლერმა ბელგიის დიდი პრიზი მოიგო და ფორმულა 1-ში თავისი პირველი გამარჯვება, წინა დღით, ფორმულა 2-ის რბოლისას დაღუპული მეგობრის, ანტუან იუბერის ხსოვნას მიუძღვნა.

ლეკლერმა სტარტი პოულიდან აიღო და რბოლის დიდი ნაწილი ლიდერის როლში გაატარა. შუა რბოლისას, ადრეული პიტ სტოპის წყალობით, მას სებასტიან ფეტელმა გაასწრო, მაგრამ გუნდის მითითებით, ლიდრობა უფრო სწრაფ ლეკლერს დაუთმო. რბოლის მიწურულს, „ფერარის“ პილოტს ლუის ჰამილტონი წამოეწია, მაგრამ გასწრება ვეღარ მოახერხა.

ლეკლერმა „ფერარის“ ამ სეზონში პირველი გამრაჯვება მოუპოვა. ჰამილტონმა კი, მიუხედავად მეორე ადგილისა, ჩემპიონატში თავისი ლიდერობა უფრო განიმტკიცა - ახლა უკვე 65 ქულას უგებს თანაგუნდელ ვალტერი ბოტასს, რომელმაც სპას რბოლა მესამე ადგილზე დაასრულა.

„ერთი მხრივ, ბავშვობის ოცნება ავისრულე, მაგრამ მეორე მხრივ, გუშინდელის გამო, ეს ძალიან მძიმე რბოლა იყო. ჩვენ ერთად გავიზარდეთ, ჩემს პირველ რბოლაშიც ანტუანთან, ესტებანთან (ოკონთან) და პიერთან (გასლისთან) ერთად ვმონაწილეობდი. ამიტომ, ჩემი პირველი გამარჯვებით სრულად ვერ ვისიამოვნებ. მაგრამ ის მეხსიერებაში სამუდამოდ დამრჩება“, - ნარბოლევს განაცხადა ლეკლერმა.

რბოლის დაწყებამდე, ფორმულა 1-ის ორგანიზაციამ და დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო იუბერის ხსოვნას, ვინც წინა სეზონში გრანპრი3-ის ჩემპიონი გახდა, მიმდინარე სეზონში კი ფორმულა 2-ის ორი რბოლის (მათგან ერთის მონაკოში) მოგება მოასწრო.

ფეტელი მეოთხე ადგილს დასჯერდა. სტარტზე მას ჰამილტონმა გაასწრო, თუმცა გერმანელმა სწრაფადვე დაიბრუნა პოზიცია და კარგა ხანს მეორე იყო. მაგრამ შემდეგ ჩაჭიდების პრობლემები დაეწყო და იძულებული გახდა, პიტ სტოპი ადრე შეესრულებინა. ახალი რეზინით პრობლემები მოიხსნა, მაგრამ მხოლოდ მცირე ხნით. 32-ე წრეზე ფეტელს ჰამილტონმა კემელის სწორზე, სლიპ სტრიმით გაუარა. მალე მას ბოტასმაც გაასწრო, რის შემდეგაც გერმანელს მეორე პიტ სტოპზე უხმეს.

რბოლა პირველივე წრეზე დასრულდა მაქს ფერსტაპენისთვის, რომელმაც მანქანა დაამტვრია. მისმა ახალმა თანაგუნდელმა, ტაილანდელმა ალექს ალბონმა სტარტი მე-17 პოზიციიდან აიღო, მაგრამ ფინიშის ხაზი მეხუთე პოზიციაზე გადაკვეთა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ერთით უკან იქნებოდა, რომ არა ლანდო ნორისის უიღბლობა - „მაკლარენის“ პილოტმა თითქმის მთელი რბოლა მე-5 პოზიციაზე გაატარა და უახლოეს მდევრებსაც სოლიდური უპირატესობით უსწრებდა, მაგრამ ბოლო წრეზე მის მანქანაზე „რენოს“ ძრავმა სიმძლავრე დაკარგა.

რაც შეეხება ფერსტაპენის ავარიას, მას სხვა შეჯახებებიც მოჰყვა, თუმცა რბოლის გაგრძელება მხოლოდ ჰოლანდიელმა ვერ შეძლო. მისი მანქანის ევაკუაციამდე კი პელოტონს უსაფრთხოების მანქანა ედგა სათავეში.

ბელგიის დიდი პრიზი

სპა ფრანკორშანი, დისტანცია 308.052 კმ (7.004 კმ, 44 წრე)

  1. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1:23:45.710
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 0.981
  3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 12.585
  4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 26.422
  5. ალექს ალბონი (ტაილანდი, ტორო როსო) 1:21.325
  6. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 1:24.448
  7. დანიილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1:29.657
  8. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1:46.639
  9. პიერ გასლი (საფრანგეთი, რედ ბული) 1:49.168
  10. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 1:49.838
  11. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1 წრე
  12. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1 წრე
  13. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1 წრე
  14. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 1 წრე
  15. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1 წრე
  16. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1 წრე
  17. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, უილიამსი) 1 წრე
  18. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1 წრე
  19. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 42 წრე
  20. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 44 წრე

უსწრაფესი წრე: სებასტიან ფეტელი - 1:46.409 (36-ე წრე, 236.957 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 268 ქულა; 2. ვალტერი ბოტასი - 203; 3. მაქს ფერსტაპენი - 181; 4. სებასტიან ფეტელი - 169; 5. შარლ ლეკლერი - 157; 6. პიერ გასლი - 65; 7. კარლოს საინსი - 58; 8. დანიილ კვიატი - 33; 9. კიმი რაიკონენი - 31; 10. ალექს ალბონი - 26; 11. ლანდო ნორისი - 24; 12. დანიელ რიკარდო - 22; 13-14. სერხიო პერესი და ნიკო ჰულკენბერგი - 21; 15. ლანს სტროლი - 19; 16. კევინ მაგნუსენი - 18; 17. რომენ გროჟანი - 8; 18-19. ანტონიო ჯოვინაცი და რობერტ კუბიცა - 1; 20. ჯორჯ რასელი - 0

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. მერსედესი - 471 ქულა; 2. ფერარი - 326; 3. რედ ბულ-ჰონდა - 254; 4. მაკლარენ-რენო - 82; 5. ტორო როსო-ჰონდა - 51; 6. რენო - 43; 7. რეისინგ პოინტ-მერსედესი - 40; 8. ალფა რომეო-ფერარი - 32; 9. ჰაას-ფერარი - 26; 10. უილიამს-მერსედესი - 1

0.153743