ავტოსპორტი

17:59 | 30.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

„რენომ“ ოკონთან კონტრაქტი გააფორმა

„რენოს“ ფორმულა 1-ის გუნდმა კონტრაქტი გაუფორმა ფრანგ ესტებან ოკონს, რომელიც მომავალ სეზონში ნიკო ჰულკენბერგს შეცვლის. ოკონის თანაგუნდელი კი დანიელ რიკარდო იქნება. ოკონი ამჟამად „მერსედესის“ სარეზერვო პილოტია და „რენოში“ მისი გადასვლა, დიდწილად სწორედ გერმანულმა კომპანიამ უზრუნველყო. ოკონის კონტრაქტი მრავალწლიანია.

„მოხარულნი ვართ განვაცხადოთ, რომ მომავალ ორ სეზონში ესტებან ოკონთან ვიმუშავებთ. თავისი ფ1-ის კარიერაში, ესტებანს აღმავლობაც ჰქონდა და ჩავარდნაც და სრულად კარგად ისწავლა ის, რომ ყველა შანსი უნდა გამოიყენო. ესტებანი ბუნებრივი ნიჭითაა დაჯილდოებული და შესანიშნავი მრბოლია. ის პროფესიონალიზმით გამოირჩევა და ქულების დაგროვებაც ეხერხება. მსოფლიო ჩემპიონებთან სარეზერვო მრბოლის რანგში გატარებული ეს სეზონი, ჩვენთვის შეუფასებელი აქტივი იქნება, რასაც გუნდის განვითარებისთვის გამოვიყენებთ“, - ამბობს გუნდის შეფი სირილ აბიტბული.

სხვათა შორის, ოკონს „რენოში“ გადასვლის შანსი ამ სეზონისთვისაც ჰქონდა, მაგრამ ფრანგულმა გუნდმა არჩევანი რიკარდოზე შეაჩერა, რომელიც „რედ ბულიდან“ გადაიბირა.

„უპირველეს ყოვლისა, ვამაყობ იმით, რომ „რენოს“ მრბოლი გავხდი. ენსტოუნში გავიზარდე, დავიწყე „ლოტუსთან“ ერთად და ახლა ისევ აქ, „რენოში“. ამ გუნდთან, მის ყველა წევრთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს, რადგან ავტოსპორტის უმაღლესი საფეხურისკენ გზა მათ გამიხსნეს. თანც, ეს ამბიციური გუნდი საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას მაძლევს. ეს არის ასუხისმგებლობა, რომელსაც მთელი სერიოზულობით მივუდგები“, - ამბობს ოკონი.

ამგვარად, ჰულკენბერგი ჯერჯერობით უადგილოდ დარჩა, თუმცა გავრცელებული ხმებით, ის „ჰაასში“ რომენ გროჟანს შეცვლის.

0.115583