რაგბი

2:00 | 28.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

მილტონ ჰეიგი: "წინ კიდევ ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი"
აფრიკელები: "საქართველოს ფრანჩაიზი ტოპ 14-ში კონკურენტუნარიანი იქნება"

"ბორჯღალოსნებისა" და "საუზერნ ქინგსის" მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე აფრიკელთა მთავარი მწვრთნელი რობერტ კემპსონი თამაშით კმაყოფილი ჩანდა. მან აღნიშნა, რომ გუნდმა საჭირო გამოცდილება შეიძინა. მწვრთნელს ეთანხმება გუნდის კაპიტანი სტეფან ანხერერიც და ორივე ერთხმად აღნიშნავს, რომ ქართული ფრანჩაიზი პრო 14-ს დაამშვენებდა.

რობერტ კემპსონი: "ეს ზუსტად ისეთი თამაში იყო, რისი მოლოდინიც გვქონდა და რაც ასე ძალიან გვჭირდებოდა, განსაკუთრებით სტატიკაში და მას შემდეგ, რაც მოედანზე საქართველოს ნაკრების „პირველი ნომრები“ შემოვიდნენ. ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ, თუმცა მეორე ტაიმში მცირედ იმედგაცრუებას ჰქონდა ადგილი. ის გამოცდილება, რაც დღეს მივიღეთ, ჩვენთვის ფასდაუდებელია.

მე "ალსტერში" ვთამაშობდი, პრო 14 მაშინაც ძალიან რთული ჩემპიონატი იყო და ამ მხრივ არც ახლა შეცვლილა რამე. იქ ძალიან ბევრი კლუბია, რომლის შემადგენლობაში 12-13 სანაკრებო მორაგბე თამაშობს. იმის გათვალისწინებით, ვის წინააღმდეგაც დღეს ვითამაშეთ, მიმაჩნია, რომ საქართველოს ფრანჩაიზი ამ ჩემპიონატში კონკურენტუნარიანი იქნება და მისი მონაწილეობით არა მხოლოდ თქვენ, არამედ თავად ეს ჩემპიონატიც იხეირებს“.

სტეფან ანხერერი: „ნებისმიერი მორაგბისთვის მნიშვნელოვანია ტოპ გუნდში, ან ჩემპიონატში თამაში. ქართული გუნდი პრო 14-ში ანგარიშგასაწევი და კონკურენტუნარიანი იქნებოდა, ქართველი გულშემატკივარი კი მას კიდევ უფრო მეტ ხიბლს შემატებდა. პირადად მე, კონკრეტულად ამ თამაშიდან, პირველი ტაიმის აღზევებიდან და მეორე ტაიმის მარცხიდან, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.

პირველი ტაიმით კმაყოფილი ვარ, მნიშვნელოვანი ქულები დავაგროვეთ. მეორე ტაიმში, როდესაც მოედანზე გამოცდილი მორაგბეები შემოვიდნენ, თამაშის ხასიათი შეიცვალა - მოიმატა სისწრაფემ, სიზუსტემ, საშემსრულებლო ოსტატობამ და ეს შედეგზეც აისახა“.

ბორჯღალოსანთა თავკაცი მილტონ ჰეიგი და ვეტერანი მორაგბე დავით კაჭარავა ხარისხით უკმაყოფილო იყვნენ, მაგრამ ხაზს უსვამენ მზადების სპეციფიკას, რომელიც აქამდე ჰქონდათ და ამბობენ, რომ მსოფლიო თასს საუკეთესო ფორმაში შეხვდებიან.

მილტონ ჰეიგი: „ცუცქირიძე საავადმყოფოშია, სკანირება გაიარა და მისი მდგომარეობის შესახებ ზუსტ ინფორმაციას 2-3 საათის შემდეგ გავიგებთ. მერაბი ნორმალურად დადის და მისი სკანირება ხვალ მოხდება. ექიმები ახლა უფრო იმედიანად არიან, ვიდრე თავიდან იყვნენ. არ ღირდა გარისკვად და ამის გამო შევცვალეთ ჩილაჩავა.

ჩვენი მზადების წლევანდელ პროცესს 4 წლის წინანდელს თუ შევადარებთ, ვფიქრობ ნებისმიერი მორაგბეც დამეთანხმება, რომ დაახლოებით 50%-ით წინ ვართ მაშინდელ ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში - ფიზიკურად, მენტალურად თუ სხვა კუთხით. ამ კონკრეტულ თამაშს თუ შევხედავთ, ვაგებდით 15 ქულით, მეტოქემ კუნთები დაგვანახა, გაგვიძალიანდა, თუცა დასკვნით 12 წუთში მისი ბედი შემოვატრიალეთ, რაც ასევე ჩვენს კარგ მომზადებაზე მეტყველებს. პირველი შეხვედრისთვის კმაყოფილი ვარ, თუმცა არ ვამბობ, რომ კარგად ვითამაშეთ და წინ კიდევ ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი.

შოტლანდიასთან ვეცდებით ვაჩვენოთ ის თამაში, რისთვისაც ვემზადებით. რა თქმა უნდა, შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება იქნება, რაც თავიდანვე გვქონდა დაგეგმილი. ჩვენ ვთქვით, რომ პირველ ორ შეხვედრაში ყველა მიიღებდა შანსს. ხვალინდელ დღეს ჩვენი თამაშის შესწავლას დავუთმობთ, ხუთშაბათს კი ვარჯიშები განახლდება და მოვემზადებით შოტლანდიისთვის.

იმედი გვაქვს, რომ შოტლანდიასთან სათამაშო ტემპს ავყვებით, სწორედ ამისთვის ვემზადებოდით ამდენ ხანს. ჩვენს მონაცემებს თუ შეხედავთ, ზუსტად ისეთი შედეგები გვაქვს, როგორც ამ სიტუაციაში პირველი დონის ქვეყნებს აქვთ. როდესაც შოტლანდია მოუმატებს ტემპს, ამისთვის ჩვენც მზად ვიქნებით“.

დავით კაჭარავა: "ვფიქრობ, შეგვეძლო ისეთი ხარისხიანი თამაში თავიდანვე გვეჩვენებინა, როგორიც დასკვნით წუთებში გვქონდა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ნაკრებს მარტის შემდეგ არ უთამაშია. გავიარეთ 2-თვიანი შეკრება, სადაც ვარჯიშების 90% ფიზმომზადებას ეთმობოდა. ვემზადებოდით იმისთვის, რაც მსოფლიო თასზე გველოდება. თამაშის ხარისხით ჩვენც უკმაყოფილოები ვართ, მეტს მოველოდით, მაგრამ გრძნობა ყველას ისეთი ჰქონდა, რომ არ დავღლილვართ და ეს სწორედ ფიზმომზადების შედეგია. დაღლის კუთხით საშუალო დონემდეც არ მივსულვართ, უთამაშებლობას კი ამ და მომდევნო ორი მატჩის ხარჯზე გამოვასწორებთ და მსოფლიო თასზე ვიქნებით უმაღლეს დონეზე, როგორც ფიზიკურად, ასევე სათამაშო კუთხით.

ბოლო ლელოს გატანის შემდეგ, მსაჯმა გვითხრა, რომ თამაში დამთავრდა, თუმცა გარდასახვის შესრულების შემდეგ თქვა, რომ ერთი წუთი იყო დარჩენილი. რა თქმა უნდა ეს შეცდომები ჩვენი ბრალი იყო, მაგრამ სწორედ ეს თამაშებია ის საფეხური, რომელიც დაგვეხმარება უფრო მაღლა ასვლაში. ეს შეცდომები ძალიან ცუდია, მაგრამ მათ გარეშე გუნდი ვერ განვითარდება. მთელი მოსამზადებელი პერიოდი რაგბის გამვითარებისთვის რომ დაგვეთმო, სხვა კომპონენტებში მოვიკოჭლებდით. ახლა სწორედ იმ სტადიაზე ვართ, როდესაც რაგბი უნდა განვავითაროთ“.

www.rugby.ge

0.113848