ფეხბურთი

22:26 | 20.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" ქართული კლასიკო მოიგო, "საბურთალომ" პაუზა გამარჯვებით დაასრულა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 24-ე ტური ორი მატჩით დასრულდა. ტურის გამორჩეულ შეხვედრას კი წყალტუბომ უმასპინძლა, სადაც ქართული კლასიკო შედგა „ტორპედოსა“ და „დინამოს“ შორის. თბილისში კი, „საბურთალო“ გორის „დილას“ დაუხვდა.

„ტორპედოსა“ და „დინამოს“ შეხვედრა ტრადიციისამებრ დაძაბული გამოდგა, თუმცა ამ გუნდების დაპირისპირებაში უკეთესი მატჩებიც გვინახავს. დღევანდელი შეხვედრის ბედი კი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც პირველი ტაიმის შუაწელს გავიდა. ლევან კუტალიამ ყოფილი გუნდი დაამწუხრა და ესოდენ პრინციპული მატჩის გმირი გახდა.

„დინამომ“ მოპოვებული 3 ქულით ლიდერობა დაიბრუნა, თუმცა, კონკურენტთა სუნთქვასაც აქტიურად გრძნობს. „ტორპედომ“ კი, უკვე მიჯრით მესამე მატჩი წააგო და ეს სატურნირო ცხრილზეც ისახება - მეხუთე ადგილი 34 ქულით.

„საბურთალომ“ ზაფხულის პაუზის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა ჩემპიონატში და გორის „დილას“ ადვილად აჯობა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს ევროპა ლიგაზე მარცხის გამომ ბევრი კრიტიკა შეხვდა და ამიტომ, „დილასთან“ მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. პატარა გამოცდა საქართველოს ჩემპიონმა წარმატებით ჩააბარა და „დილასთან“ 3:0 იმარჯვა. გიორგი რეხვიაშვილის პირველ ტაიმში გატანილ გოლს, მეორე ნახევარში გიორგი გაბედავას გოლი და ალეფ სანტოსის ავტოგოლიც წაემატა.

„საბურთალო“ 43 ქულით მესამეა და საჩემპიონო რბოლაშია ჩაბმული, ხოლო „დილას“ მთავარი საზრუნავი ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა, რადგან 26 ქულით მხოლოდ მე-8 პოზიციას იკავებს.

„ტორპედო“ – „დინამო“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 კუტალია (29)

„საბურთალო“ – „დილა“ 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 რეხვიაშვილი (23), 2:0 გაბედავა (55), 3:0 ალეფ სანტოსი (85, ა.გ)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134744