ფეხბურთი

1:18 | 20.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: „მანჩესტერმა“ ვერ მოიგო, პოგბამ პენალტი ვერ გაიტანა

პრემიერლიგის მეორე ტური ორშაბათ საღამოს დასრულდა ვულვერჰემპტონში. „ვულვზმა“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლა და ქულები გაიყო - 1:1. ვერ ვიტყვით, რომ მატჩი კარგი საცქერი იყო. პირველ ტაიმში სტუმრები აკონტროლებდნენ ბურთს, თუმცა სახიფათო მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა. ეგ არის, ერთ ეპიზოდში მაინც გამოუვიდათ შეტევა და ანტონი მარსიალმა ანგარიში გახსნა.

შესვენების შემდეგ, „მგლები“ უფრო მოტივირებულები გავიდნენ მინდორზე და ამისათვის დასაჩუქრდნენ კიდეც, პორტუგალიელმა რუბენ ნევეშმა გაათანაბრა.

მერე იყო ეპიზოდი, როცა მანჩესტერელებს წინ გასვლა შეეძლოთ, მაგრამ პოლ პოგბამ თავისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ვერ გაიტანა. მეკარემ აუღო.

ორი ტურის შემდეგ პრემიერლიგაში უდანაკარგონი მხოლოდ „ლივერპული“ და „არსენალი“ არიან. პირველ-მეორე ადგილებზეც ისინი დგანან (მერსისაიდელებს ბურთების უკეთესი შეფარდება აქვთ). მათ შემდეგ კი ერთბაშად შვიდმა გუნდმა მოაგროვა 4-4 ქულა.

ვულვზი - მანჩესტერი 1:1

ვულვერჰემპტონი. „მოლინე.“ 31 314

0:1 მარსიალი (27), 1:1 ნევეში (55)

68-ე წუთზე პოგბამ პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)

ვულვზი: რუი პატრისიუ, კასტრო, ბოლი, კოდი, ბენეტი, დოჰერტი (ტრაორე 46), ნევეში, მოუტინიუ, დენდონკერი, ჟოტა (ნეტუ 86), რაულ ხიმენესი (კუტრონე 90+1)

მწვრთნელი: ნუნუ ეშპირიტუ სანტუ

მანჩესტერი: დე ხეა, შოუ, მაგუაირი, ლინდელოფი, ვან-ბისაკა, პოგბა, მაკტომინეი, რაშფორდი (პერეირა 89), ლინგარდი (მატა 81), ჯეიმსი (გრინვუდი 89), მარსიალი

მწვრთნელი: ულე-გუნარ სულშერი

მსაჯი: ჯონათან მოსი

გაფრთხილება: ნევეში (51), ბენეტი (67); ჯეიმსი (24), ვან-ბისაკა (84)

0.144963