სხვა

20:41 | 11.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 17-წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობა გამარჯვებით გახსნა

საქართველოს 17-წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა წარმატებული სტარტი აიღო ევროპის 2019 წლის ჩემპიონატზე, რომელსაც თბილისის ოლიმპიური აუზი მასპინძლობს.

საქართველოს დედაქალაქში 16 ევროპული ნაკრებია შეკრებილი, ქართველი ჭაბუკების მეტოქეები კი ბერძენი, მონტენეგროელი და რუმინელი თანატოლები არიან.
დღეს, საქართველოს ნაკრები რუმინეთს გაეჯიბრა და 12:10 (3:3, 4:1, 2:3, 3:3) მოიგო. საინტერესოა, რომ შეხვედრის საწყის წუთებზე სტუმრები 3:0 დაწინაურდნენ, რასაც ჩვენმა გუნდმა 7 უპასუხო ბურთით უპასუხა.
თამაშის ბოლო წუთზე რუმინეთმა ჩამორჩენის ერთ გოლამდე დაყვანა შესძლო და შეტევაც ჰქონდა, თუმცა, ჯარიმა და ცარიელ კარში (მეკარე იერიშში იყო ჩართული) ბურთიც მიიღო.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრების ღირსებას 15-წლამდელთა გუნდის 4 წევრიც იცავდა, რომელთაც მცირე ხნის წინ, ევროპირველობაზე ფურორი მოახდინეს და საუკეთესო ექვსეულში შესვლის წყალობით, მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს.
ქართველთაგან 4 გოლით ყველაზე შედეგიანი ლუკა გიორგაძე იყო, ბესარიონ ახვლედიანმა 3 ბურთი გაიტანა, ვალიკო დადვანმა – 2, ხოლო გიორგი ერისთავმა, დავით ჩხეიძემა და ლუკა ჩიქოვანმა – თითო-თითო.
B ჯგუფის მე-2 მატჩში უმთავრეს ფავორიტად მიჩნეულმა საბერძნეთმა მონტენეგროს 8:4 სძლია. 12 აგვისტოს ქართველი წყალბურთელები მონტენეგროს ეთამაშებიან, 13-ში კი – საბერძნეთს. ორივე შემთხვევაში, მატჩები 19:00 საათზე დაიწყება.
ვთქვათ ისიც, რომ ჯგუფების გამარჯვებული 4 ნაკრები მეოთხედფინალში პირდაპირ გავა, კიდევ ოთხ საგზურს კი მეორე-მესამე ადგილოსნები გაითამაშებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.215943