ავტოსპორტი

16:30 | 10.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონს შუმახერის რეკორდამდე 10 მოგება დარჩა

უნგრეთში მოგებული დიდი პრიზი 81-ეა ლუის ჰამილტონის ფორმულა 1-ის კარიერაში. და მას 10 მოგებაღა დარჩა მიხაელ შუმახერის რეკორდამდე (91 გამარჯვება), რომელიც თითქოს მიუწვდომელი ჩანდა. მაგრამ ბრიტანელ მრბოლს მისი გამეორება მომავალ სეზონშივე შეუძლია.

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა სეზონის პირველი 12 ეტაპიდან 8 მოიგო. დარჩენილია 9 რბოლა და ჰამილტონი უახლოეს მდევარს 62 ქულას უგებს. მას რეალური შანსი აქვს იმისა, რომ მეექვსე ტიტულსაც დაეუფლოს.

ჰამილტონს შუმახერის მეორე რეკორდის გამეორება წელსვე შეუძლია. ესაა ერთ სეზონში მოპოვებულ გამარჯვებათა რიცხვი. შუმახერმა 2004 წელს 13 რბოლა მოიგო (18-დან). ეს რეკორდი 2013 წელს სებასტიან ფეტელმა გაიმეორა, ოღონდ 19-ეტაპიან ჩემპიონატში. ამ რეკორდამდე ჰამილტონს 5-ღა დარჩა.

შუმახერის ანგარიშზე სხვა რეკორდიცაა, რომელსაც ჰამილტონი მიუახლოვდა - ერთი და იგივე დიდი პრიზის მოგებათა რიცხვი. ლეგენდარულ გერმანელს საფრანგეთის დიდი პრიზი რვაჯერ აქვს მოპოვებული. ბრიტანლი ამ რეკორდსაც წელს მიუახლოვდა - მას უნგრეთის და კანადის დიდი პრიზები შვიდჯერ აქვს მოგებული.

ამ სეზონში კიდევ ორი საინტერესო რამ მოხდა, ოღონდ ისინი ჰამილტონს არ უკავშირდება - ორმა პილოტმა პირველად შეძლო კვალიფიკაციაში გამარჯვება. ესენი არიან შარლ ლეკლერი და მაქს ფერსტაპენი. ამასთან, ფერსტაპენი ფ1-ის მე-100 პილოტია, ვინც პოულს დაეუფლა. და პირველი ჰოლანდიელი, ვინც სტარტი მოწინავე პოზიციიდან აიღო. ბოლოს ერთ სეზნში პირველი პოულის მოპოვების ფაქტი 2012 წელს დაფიქსირდა. მაშინ ეს პასტორ მალდონადომ და ნიკო როსბერგმა შეძლეს.

ფერსტაპენმ „რედ ბულს“ 61-ე პოულ პოზიცია მოუპოვა და „ჰონდას“ ძრავებს 78-ე კვალიფიკაცია მოაგებინა. საინტერესოა, რომ იაპონურ კომპანიას ბოლო ხუთი პოული, ოთხ სხვადასხვა გუნდთან ერთად აქვს მოგებული. ესენია „მაკლარენი“ (აირტონ სენა, კანადა 1992), BAR (ჯენსონ ბატონი, სან მარინო 2004 და კანადა 2005), „ჰონდა“ (ჯენსონ ბატონი, კანადა 2006) და ფერსტაპენი.

დაბოლოს, უნგრეთის წლევანდელი რბოლა ყველაზე სწრაფი იყო ჰუნგარორინგის ისტორიაში. ჰამილტონს ფინიშამდე მისაღწევად, საათი, 35 წუთი და 3.796 წამი დასჭირდა. მან შუმახერის მიერ 15 წლის წინათ დამყარებული რეკორდი 22 წამით გააუმჯობესა.

0.141714