ფეხბურთი

1:09 | 10.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულმა“ გამარჯვებით დაიწყო

მაშ ასე, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი და საინტერესო ტურნირი დაიწყო - ინგლისური პრემიერლიგის ახალ სეზონში პირველი მატჩი ჩატარდა და ერთობ უხვგოლიანიც გამოდგა.

პრემიერლიგის შარშანდელი მეორეადგილოსანი „ლივერპული,“ ელიტაში დაბრუნებულ „ნორვიჩს“ მასპინძლობდა. „ნორვიჩმა,“ სხვათა შორის, გასულ სეზონში ჩემპიონშიფში გაიმარჯვა.

მაგრამ თამაში საინტერესო ვერ გამოდგა. ძალიან იოლად მოიგო ევროპის მოქმედმა საკლუბო ჩემპიონმა.

კლოპმა მინდორზე ოპტიმალური შემადგენლობა გაიყვანა. ერთი სადიო მანე აკლდათ, რომელიც განაცხადში იყო და შეცვლაზე ბოლო 15 წუთს ითამაშა.

საქმე ის არის, რომ სენეგალელი მხოლოდ ორიოდ დღის წინ დაბრუნდა მერსისაიდელთა ბანაკში. მოგეხსენებათ, ახლახან დამთავრებული აფრიკის ერთა თასის გათამაშებაში მანეს სენეგალი ფინალში გავიდა, სადაც ალჟირელებთან დამარცხდა. ამიტომ, მანეს ორკვირიანი შვებულება მისცეს.

სეზონის პირველი გოლი კი ავტოგოლი გამოდგა. უკვე მე-8 წუთზე, დივოკ ორიჯიმ მარცხენა ფრთაზე ეფექტურად ითამაშა და საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ნორვიჩელთა კაპიტანმა, გრანტ ჰეილიმ უხერხულად დაუხვედრა ბურთს ფეხი და საკუთარ კარში შეაგდო.

მერე სალაჰმა და ვან დეიკმაც გამოიჩინეს თავი და „წითლები“ ნახევარი საათის თავზე უკვე 3:0 იგებდნენ. ტაიმის მიწურულს ერთი დივოკ ორიჯომაც დაამატა და შესვენებაზე ლივერპული ოთხბურთიანი უპირატესობით გავიდა.

ეგ არის, მასპინძელთათვის პირველ ნახევარში სამწუხარო ამბავიც მოხდა. ერთ ეპიზოდში, ბურთის თამაშში შეყვანისას, საკუთარ საჯარიმოში ალისონს ფეხი აუცურდა და უეხერხულად წაიქცა. ბრაზილიის ნაკრების მეკარემ მოედანი თავადვე დატოვა, თუმცა კოჭლობით.

ერთ რეკორდს „ლივერპული“ უკვე ვეღარ შესწვდება. გაულ სეზონში მათ პირველი ბურთი მეოთხე ტურში გაუშვეს. ამჯრად კი კარის მშრალად შენახვა ვერ შეძლეს. 64-ე წუთზე ერთი საპასუხო სტუმართა ფინელმა, ტეემო პუკიმ გაიტანა.

ლივერპული - ნორვიჩი 4:1

ლივერპული. „ენფილდი.“ 53 333

1:0 ჰეინლი (8, საკ. კარში), 2:0 სალაჰი (19), 3:0 ვან დეიკი (28), 4:0 ორიჯი (42), 4:1 პუკი (64)

ლივერპული: ალისონი (ადრიანი 39), ალექსანდერ-არნოლდი, გომესი, ვან დეიკი, რობერტსონი, ფაბინიო, ჰენდერსონი, ვეინალდუმი, სალაჰი, ფირმინო (მილნერი 86), ორიჯი (მანე 74)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

ნორვიჩი: კრული, აარონსი, ჰეინლი, გოდფრი, ლუისი, ტრიბული (ონელ ერნანდესი 70), მაკლინი, ბუენდია, შტიპერმანი (ლაიტნერი 58), კანტუელი, პუკი (დრმიჩი 83)

მწვრთნელი: დანიელ ფარკე

მსაჯი: მაიკლ ოლივერი

გაფრთხილება: ლაიტნერი (60), ბუენდია (65)

სტატისტიკა
0.328176