ფეხბურთი

22:15 | 5.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჭიაბრიშვილი: "ასეთი წილისყრა არის მოტივაციაც და თავისებური წნეხიც"

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონი თბილისის „საბურთალო“ ერევანში, „არარატ-არმენიას“ დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩის წინ თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა პრესკონფერენცია გამართა.

ქართველი სპეციალისტის განცხადებით, ახლა მთლიანად ხვალინდელ მატჩზეა კონცენტრირებული, მაგრამ ამ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, „საბურთალო“ ვალდებული იქნება პლეი-ოფშიც წარმატებით ითამაშოს.

„მეტოქის რამდენიმე ვიდეო ვნახეთ. კარგი გუნდია, რომელიც გამოცდილი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. “არარატ-არმენიაში” სხვადასხვა ნაკრების ფეხბურთელებიც თამაშობენ. ჰყავთ გამოცდილი და კვალიფიციური მთავარი მწვრთნელი. ისინი ცდილობენ ფეხბურთის თამაშს.

სამედიცინო პერსონალი ყველაფერს აკეთებს, რომ ვაგნერი განმეორებით თამაშში იყოს. ახლა გადაჭრით არაფრის თქმა არ შემიძლია. დანარჩენი ფეხბურთელები, 100 პროცენტით მზად არიან სათამაშოდ.

ისევე, როგორც ყოველთვის, ხვალაც გამარჯვების იმედი მაქვს. ახლა, მთავარია დავძლიოთ მესამე ეტაპი და გადავიდეთ დასკვნით მატჩებზე.

უმჯობესი იქნებოდა ლაშა ევროტურნირების დასრულებამდე დარჩენილიყო გუნდში, თუმცა ეს მისი არჩევანი იყო. ერთ ფეხბურთელზე არ ვართ დამოკიდებული და რა თქმა უნდა, გვყავს მისი შემცვლელი.

რამდენიმე დღის წინ “დინამოსთან” პირველად ვითამაშეთ ხსენებული განლაგებით. კმაყოფილი ვარ, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მოქნილი გუნდი გვყავს. რაც შეეხება მომავალში თამაშს, იქიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, თუ ვის ვეთამაშებით და რა შემადგენლობა გვყავს. “საბურთალოს” შეუძლია სხვადასხვა ტაქტიკით თამაში.

ჩემი მოვალეობა არ არის ვიცოდე, რა რაოდენობის გულშემატკივრები იქნებიან, თუმცა მაქვს ინფორმაცია რომ მსურველი ერევანში ჩამოსვლის, ბევრია. მეზობელი ქვეყნები ვართ და არ არის გასაკვირი, რომ სურს ხალხს ერევანში ჩამოსვლა. ვნახოთ, დაველოდოთ ხვალინდელ მატჩს.

ახლა, მთელი ჩემი ფიქრები ხვალინდელ მატჩზეა. პლეი-ოფში სავარაუდო მეტოქეებზე ინფორმაციის მიღება ჯერ არ დაგვიწყია, თუმცა გამარჯვების შემთხვევაში ვიცი ვისაც შეიძლება შევხვდეთ. როგორც არ უნდა მორჩეს ხვალინდელი მატჩი, ყველაფერი 14 აგვისტოს თბილისში გადაწყდება.

ვფიქრობ, ახლა უფრო ძლიერი მეტოქე გვყავს, ვიდრე შესაძლოა მომავალში გვყავდეს. არ მიყვარს წინასწარ საუბარი და პროგნოზების გაკეთება, თუმცა იმ მეტოქეებიდან ვინც შესაძლოა შეგვხვედროდა, საუკეთესო წყვილი გვერგო. ფეხბურთელებისთვის, რა თქმა უნდა მოტივაციაა, მაგრამ მეორეს მხრივ, მძიმე ტვირთიც. ესა თუ ის ბარიერი აუცილებლად გადასალახავი რომ არის – თავისებური წნეხია. “არარატ-არმენიას” ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, ვალდებულები ვართ შემდეგი ეტაპიც გავიაროთ.

კარგი იქნება თუ კარს მშრალად შევინახავთ და გოლს გავიტანთ. ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში კარგი შანსი გვექნება შემდეგ ეტაპზე გასასვლელად“, - ციტირებს ჭიაბრიშვილის სიტყვებს „საბურთალოს“ ვებგვერდი.

შეგახსენებთ, „არარატ-არმენიასა“ და „საბურთალოს“ მატჩი 6 აგვისტოს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.

0.108437