ფეხბურთი

18:38 | 4.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დინამოს" მეტოქე: "ფეიენოორდმა" როტერდამულ დერბიში ქულა 95-ე წუთზე გადაარჩინა

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისის“ მეტოქემ როტერდამის „ფეიენოორდმა“ ჰოლანდიის ჩემპიონატში წარუმატებელი სტარტი აიღო.

ერედივიზიონის პირველ ტურში იააპ სტამის გუნდმა „დე კუიპზე“ თანაქალაქელ „სპარტას“ უმასპინძლა და წაგებისგან თავი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-5 წუთზე დაიხსნა. პირველ ტაიმში გოლი არ გასულა, ხოლო მეორე ნახევარის დასაწყისში რაიჰის გოლით „სპარტა“ დაწინაურდა. შემდგომ „ფეიენოორდმა“ ზეწოლა გაზარდა და 66-ე წუთზე სტივენ ბერგუისმა გათანაბრება მოახერხა კიდეც. თუმცა მასპინძელთა სიხარული ნაადრევი გამოდგა, რადგან მალევე კონტრშეტევისას ველდვაიკისგან მეორე გოლი მიიღეს.

საბოლოოდ, თეთრ-წითლებმა ქულა 95-ე წუთზე სამ ლარსონის გოლით გადაარჩინეს. უნდა ვთქვათ, რომ მატჩის მიწურულს კაპიტანმა, ცენტრალურმა მცველმა ბოტეგინმა ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა. ჯერჯერობით უცნობია რამდენად სერიოზულია მისი დაზიანება და შეძლებს თუ არა „დინამოსთან“ თამაშს. იგივე ითქმის თავდამსხმელ დილან ვენტეზე, რომელიც ასევე ტრავმის გამო გავიდა მოედნიდან.

გარდა ამისა, გამოჩნდა, რომ იააპ სტამის გუნდი იდეალურ ფორმასა და კონდიციებში არ იმყოფება, გუნდის ლიდერები მართლაც არ განიცდიან საუკეთესო პერიოდს. რაც მთავარია, როტერდამელთა დაცვის ხაზი საკმაოდ არადამაჯერებლად ირჯებოდა და ნამდვილად არ ჰგავს იმ გუნდს, რომლის კარში გოლის გატანაზე ფიქრი „დინამოს“ არ შეუძლია.

„ფეიენოორდმა“ „სპარტასთან“ დერბი შემდეგი შემადგენლობით ითამაშა:

გოლები: 0:1 რაიჰი (49), 1:1 ბერგუისი (66), 1:2 ველდვაიკი (74), 2:2 ლარსონი (90)

ვერმეერი; სტ. ჯუსტი, ბოტეგინი (ბანისი 89), ვან დერ ჰეიდენი, ჰაპსი; ფერი, კოკჩუ, ბურგერი; ბერგუისი, ვენტე (ნარსინგი 64), სინისტერა (ლარსონი 62)

აქვე შეგახსენებთ, „ფეიენოორდისა“ და „დინამოს“ მატჩი 8 აგვისტოს, როტერდამში, „დე კუიპზე“ გაიმართება.

0.113538