ავტოსპორტი

22:10 | 3.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფერსტაპენმა კარიერაში პირველი კვალიფიკაცია უნგრეთში მოიგო

მაქს ფერსტაპენს უკვე 7 რბოლა აქვს მოგებული, მაგრამ საკვალიფიკაციო რბოლებს აქამდე ვერ იგებდა. მან ეს ნაკლი დღეს, ჰუნგარორინგზე გამოასწორა. ამასთან, 21 წლის ჰოლანდიელ გახდა ფორმულა 1-ის მეასე პილოტი, ვინც საკვალიფიკაციო რბოლა მოიგო.

„წარმოუდგენელია, ეს გამარჯვება აქამდე მაკლდა. მანქანა მთელი უიკენდი კარგად მუშაობდა, მაგრამ კვალიფიკაციის მოგება ყოველთვის ძნელია. თუმცა ჩვენ ეს შევძელით“, - განაცხადა ფერსტაპენმა, ვინც ერთი კვირის წინ, გერმანიის დიდი პრიზი მოიგო.

გამარჯვებულს სულ რაღაც, 0.018 წამით ჩამორჩა ვალტერი ბოტასი, ვინც ფერსტაპენს სტარტზე გვერდს დაუმშვენებს. ფინელი ჩემპიონატში მეორე ადგილზეა და ლიდერ ლუის ჰამილტონს 41 ქულით ჩამორჩება. ბრიტანლს ჰუნგარორინგის რეკორდს - 7 პოულის გამეორება შეეძლო, მაგრამ მხოლოდ მესამე დროს დასჯერდა.

ფერსტაპენი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ჰოლანდიელი მრბოლია, ვისაც ფორმულა ერთის დიდი პრიზი და ახლა უკვე პოულიც აქვს მოგებული. ამასთან, მან „ჰონდას“ ძრავებით აღჭურვილ ავტომობილს, ავსტრალიის 2006 წლის დიდი პრიზის (ჯენსონ ბატონი) შემდეგ, პირველი კვალიფიკაცია მოაგებინა.

კვალიფიკაციის პირველ ფაზაში საუკეთესო ფერსტაპენი იყო, მეორეში კი - ჰამილტონი. პოულისთვის ბრძოლა სწორედ მათ შორის იყო მოსალოდნელი, მაგრამ ბოტასმა გადამწყვეტ მომენტში მოახერხა თავისი სწრაფი წრის დაფიქსირება და ჩემპიონატის ლიდერი თანაგუნდელი უკან მოიტოვა. საინტერესოა, რომ პადოკში მოარული ხმები, ფერსტაპენს მომავალ სეზონში „მერსედსში“, სწორედ ბოტასის ადგილზე გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.

უნგრეთის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:14.572
  2. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:14.590
  3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:14.769
  4. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1:15.043
  5. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:15.071
  6. პიერ გასლი (საფრანგეთი, რედ ბული) 1:15.450
  7. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:15.800
  8. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 1:15.852
  9. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:16.013
  10. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1:16.041
  11. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1:16.565
  12. ალექს ალბონი (ტაილანდი, ტორო როსო) 1:16.687
  13. დანიილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1:16.692
  14. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1:16.804
  15. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:17.081
  16. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1:17.031
  17. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 1:17.109
  18. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 1:17.257
  19. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 1:17.542
  20. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, უილიამსი) 1:18.324
0.114242