ჩოგბურთი

16:50 | 3.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილს მონრეალში ლაიოვიჩი ელის

27 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის ზედიზედ მეორედ მოგების შემდეგ, კორტს კანადაში უბრუნდება.

მსოფლიო კლასიფიკაციაში მე-16 ადგილზე მყოფი ბასილაშვილი მონრეალშია ჩასული და მომავალ კვირაში COUPE ROGERS-ში (საპრიზო ფონდი 6 338 885 დოლარი) მე-13 განთესვით ჩაებმება, თუმცა კი, წილისყრაში ნაკლებად გაუმართლა.
საწყის რაუნდში ნიკას მეტოქე მსოფლიო რეიტინგში 26-ე ადგილზე მყოფი დუშან ლაიოვიჩი იქნება, რომელსაც ჩვენებური 4-ჯერ გადაჰყრია და 3 თამაში მოგებული აქვს.
2016 წელს პეკინის (ჩინეთი) ტურნირის კვალიფიკაციაში ქართველმა ჩოგბურთელმა 6:7 (4:7), 7:5, 6:4 მოიგო, იმავე წელს, კიცბიუელში (ავსტრია), ნახევარფინალურ ეტაპზე, ბასილაშვილმა მეტოქე 6:3, 6:1 დაამარცხა და 2018 წელს, სერბს ანტალიაშიც (ტურქეთი) აჯობა – 6:4, 2:6, 7:5.
ნიკოლოზმა ერთადერთი მარცხი 2018 წელსვე უმაგში (ხორვატია) განიცადა, როდესაც სერბმა 7:5, 6:2 მოიგო.
საინტერესოა, რომ მონრეალში შარშან გამართულ ტურნირში ბასილაშვილს მონაწილეობა არ მიუღია, ამდენად, იქ დასაცავი არაფერი აქვს.
თუკი ნიკამ ლაიოვიჩს სძლია, 45 სარეიტინგო ქულას მიიღებს და მე-2 წრეში გერმანელ იან-ლენარდ შტრუფსა და ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას შორის უმჯობესს გაეჯიბრება, მე-2 რაუნდში კი, სავარაუდოდ, მე-3 ნომრად განთესილი გერმანელი საშა ზვერევი ელის.
მონრეალის მასტერსზე პირველი რეიტინგი ესპანელ რაფაელ ნადალს აქვს, შემდეგ კი, ავსტრიელი დომინიკ ტიმი, ზვერევი, ბერძენი სტეფანოს ციციპასი და იაპონელი კეი ნიშიკორი მოდიან. ტურნირის გამარჯვებული 1 000 სარეიტინგო ქულას მიიღებს.
ვთქვათ ისიც, რომ ბასილაშვილი ამჯერად ძალებს წყვილთა ტურნირშიც სცდის. ის ხსენებულ შტრუფთან გახლავთ შეამხანაგებული და პირველ წრეში ბრიტანულ-ამერიკულ დუეტს (კაილ ედმუნდი-ტეილორ ფრიცი) დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109103