ავტოსპორტი

4:05 | 29.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფერსტაპენმა ჰოკენჰაიმზე ქაოსური რბოლა მოიგო

გერმანიის 2019 წლის დიდი პრიზი ფორმულა 1-ის მოყვარულებს დიდხანს დაამახსოვრდებათ. წვიმის წყალობით, ჰოკენჰაიმის ტრასაზე ნამდვილი ლატარეა გაიმართა და მოიგო იმან, ვინც ამ კონკრეტულ სიტუაციაში ყველაზე კარგად იყო მობილიზებული, იყო ყველაზე სწრაფი და ორი საათის განმავლობაში, ყველაზე ნაკლები შეცდომა დაუშვა. ასეთი კი „რედ ბულის“ მაქს ფერსტაპენი აღმოჩნდა.

ჰოლანდიელი სტარტამდეც რბოლის ერთ-ერთ ფავორიტად იყო მიჩნეული და მან მოლოდინი სრულად გაამართლა. მან ხუთი პიტ სტოპი შეასრულა, ერთხელ დატრიალდა კიდეც, მაგრამ მაინც პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი. რბოლის განმავლობაში არაერთი ავარია მოხდა - თ შორის, მანქანები დაამტვრიეს შარლ ლეკლერმა და ვალტერი ბოტასმა, ტრასაზე რამდნჯერმე გამოვიდა უსაფრთხოების მანქანა.

ადგილობრივი ფანები გაახარა სებასტიან ფეტელმა, ვინც ქაოსში არამხოლოდ მანქანის შენარჩუნება შეძლო, არამედ ბოლო წრეებზე ლიდერთა შორისაც კი აღმოჩნდა და საბოლოოდ, ფინიშის ხაზი მეორემ გადაკვეთა. ჰოკენჰაიმზე მსგავსი რამ ბოლოს 2005 წელს ხუან პაბლო მონტოიამ (მაკლარენი) შეძლო.

„საოცარი რბოლა იყო და მიხარია, რომ მოვიგე. ძალიან ძნელი იყო სწორი გადაწყვეტილებების მიღება. მუდმივად ყურადღებით ყოფნა გვიწევდა. ერთხელ სლიკებზე დავტრიალდი და ეს მომეწონა კიდეც. მოსაგებად საჭირო იყო, რომ ასეთ რთულ პირობებში, რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა დაგვეშვა და კარგია, რომ ეს შევძელით. დღეს ჩემი გამოსვლით ძალიან კმაყოფილი ვარ“, - განაცხადა ფერსტაპენმა, ვინც ამ სეზონში პირველი გამარჯვება ავსტრიაში მოიპოვა. მანვე დამატებითი ქულა, უსწრაფესი წრის დაფიქსირებით დაიმსახურა.

„რაღაც მომენტებში მეგონა, რომ რბოლას ვერ დავასრულებდი, ძალიან რთულ პირობებში გვიწევდა რბოლა. ახლა კი უბრალოდ, ბედნიერი ვარ, რომ ეს შევძელი. და ძალიან ვისიამოვნე“, - განაცხადა ფეტელმა, ვინც კვალიფიკაციაზე, ტექნიკური პრობლემების გამო, ერთი წრის გავლაც ვერ შეძლო.

ფერსტაპენისგან და ფეტელისგან განსხვავებით, ქულის გარეშე დარჩა ლუის ჰამილტონი, ვინც რბოლა პოულ პოზიციიდან დაიწყო. მაგრამ შემდეგ შეცდომები დაუშვა, პიტ სტოპზე არასწორად შესვლის გამო, ხუთწამიანი ჯარიმა დაიმსახურა და საბოლოოდ, ფინიშს მე-11 პოზიციაზე მიაღწია. ჰამილტონისთვის ესპანეთის 2013 წლის რბოლის შემდეგ, ეს ყველაზე უარესი ფინიშია.

არც „მერსედესის“ მეორე პილოტს, ვალტერი ბოტასს გაუმართლა - რბოლის მიწურულს, ლანს სტროლის დევნისას, ფინელს შეცდომა მოუვიდა და ასპარეზობა კედელთან დაასრულა, სადაც უფრო ადრე მანქანები შარლ ლეკლერმა და ნიკო ჰულკენბერგმა დაამტვრიეს. საბოლოო ჯამში, „მერსედესის“ გუნდმა ფ1-ში თავისი მე-200 რბოლა უქულოდ დაასრულა.

გერმანიის დიდი პრიზი

ჰოკენჰაიმრინგი, დისტანცია 306.458 კმ (4574 მ, 67 წრე)

  1. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:44.31.275 (168.043 კმ/სთ)
  2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 7.333
  3. დანიილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 8.305
  4. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 8.966
  5. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 9.583
  6. ალექს ალბონი (ტაილანდი, ტორო როსო) 10.052
  7. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 12.214
  8. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 13.849
  9. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 16.838
  10. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 18.765
  11. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 19.667
  12. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, უილიამსი) 24.987
  13. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 26.404
  14. პიერ გასლი (საფრანგეთი, რედ ბული) 5 წრე
  15. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 10 წრე
  16. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 27 წრე
  17. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 38 წრე
  18. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 41 წრე
  19. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 52 წრე
  20. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 66 წრე

უსწრაფესი წრე: მაქს ფერსტაპენი - 1:16.645 (61-ე წრე, 214.839 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 225 ქულა; 2. ვალტერი ბოტასი - 184; 3. მაქს ფერსტაპენი - 162; 4. სებასტიან ფეტელი - 141; 5. შარლ ლეკლერი - 120; 6. პიერ გასლი - 55; 7. კარლოს საინსი - 48; 8. დანიილ კვიატი - 27; 9. კიმი რაიკონენი - 25; 10. ლანდო ნორისი და დანიელ რიკარდო - 22; 12. ლანს სტროლი და კევინ მაგნუსენი - 18; 14. ნიკო ჰულკენბერგი - 17; 15. ალექს ალბონი - 15; 16. სერხიო პერესი - 13; 17. რომენ გროჟანი - 8; 18. ანტონიო ჯოვინაცი და რობერტ კუბიცა - 1; 20. ჯორჯ რასელი - 0

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. მერსედესი - 409 ქულა; 2. ფერარი - 261; 3. რედ ბულ-ჰონდა - 217; 4. მაკლარენ-რენო - 70; 5. ტორო როსო-ჰონდა - 42; 6. რენო - 39; 7. რეისინგ პოინტ-მერსედესი - 31; 8. ალფა რომეო-ფერარი და ჰაას-ფერარი - 26; 10. უილიამს-მერსედესი - 1

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.190576